LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის წარმომადგენლები პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას სთხოვენ

49

მედიის წარმომადგენლები პარლამენტისგან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ, ხოლო პრეზიდენტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი თანამშრომლის მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას სთხოვენ.

ამის შესახებ აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი ზურაბიშვილმა „პირველ არხის“ შენობის წინ წაიკითხა. გიორგი ზურაბიშვილის გარდა, ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ასევე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები.

როგორც გიორგი ზურაბიშვილმა განაცხადა, მამუკა ბერძენიშვილი არის სახელმწიფოს მიერ წარმოებული „ფაშისტური ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლი და მასთან ერთად ციხეში პირადი მოხმარებისთვის და მინიმალური დოზებისთვის 2000-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს“. მამუკა ბერძენიშვილს სასამართლომ კლუბური ნარკოტიკის მოხმარებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გთავაზობთ, მიმართვის ტექსტს:

„გასული წლის 29 ივნისს, ჩვენი კოლეგა, პირველი არხის მონტაჟის ყოფილი რეჟისორი, მამუკა ბერძენიშვილი ორი გრამი კლუბური ნარკოტიკის, ე.წ. MDMA პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და დაკავებიდან 9 თვის შემდეგ, 2018 წლის 21 მარტს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა და შესაბამისი კანონები სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. იმის ფონზე, რომ ადამიანები გაუპატიურებისთვის ციხეში 6-დან 8 წლამდე მიდიან, წამებისთვის 7-დან 10 წლამდე, მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე, ხოლო ნარკოტიკების გავრცელებისთვის შეიძლება, 6 წლით დაისაჯონ, მცირე ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის, ან პირადი მოხმარებისთვის 8 წლით პატიმრობა სახელწიფოს მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატური და არაადამიანური ნაბიჯია. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია კანონში დოზირებების განსაზღვრა, რათა ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა განსაკუთრებულად დიდ ოდენობად არ ითვლებოდეს.

ასევე, მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, ხოლო პრობლემურ მომხმარებლებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკა არა რეპრესიული, არამედ ზრუნვაზე ორიენტირებული უნდა იყოს. სამწუხაროდ, კანონებში ცვლილებების პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და ადეკვატური კანონმდებლობის შემუშავება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება. ამასობაში კი, უსამართლოდ ათასობით ოჯახი უბედურდება. ამ წუთისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მოხდება თუ არა რაიმე ცვლილება ამ მიმართულებით. მამუკა ბერძენიშვილი არის სახელმწიფოს მიერ წარმოებული ფაშისტური ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლი და მასთან ერთად ციხეში პირადი მოხმარებისთვის და მინიმალური დოზებისთვის 2000-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს.

ვადასტურებთ, რომ მამუკა ბერძენიშვილი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, უკონფლიქტო, დადებითი პიროვნება და მისი ადგილი პენიტენციარულ დაწესებულებაში ნამდვილად არ არის.

მამუკა ბერძენიშვილი საზოგადოებისთვის და არც ერთი ადამიანისთვის არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. მოვითხოვთ, პირველ რიგში პარლამენტისგან კანონში დაუყოვნებლივ ცვლილებებს და პრეზიდენტისგან მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას, რათა ის დაუბრუნდეს თავის ოჯახსა და მეგობრებს“,- აღნიშნულია მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g