თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ბინაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, შემთხვევის დროს მხოლოდ შვიდი წლის ბავშვი იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის დროს მშობლები სახლში არ იყვნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
„შემოვიდა შეტყობინება, რომ თევდორე მღვდლის # 49-ში მეექვსე სართულზე იყო ხანძარი. მეხანძრე მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. მოსახლეობა გამოვიყვანეთ. ჩვენი ინფორმაციით, ბინაში მცირეწლოვანი იმყოფებოდა, რომელიც მეზობლებმა გაიყვანეს მაშველების მოსვლამდე. ბავშვი იყო მარტო. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არის. მიზეზს გამოძიება დაადგენს“, – განმარტავს კერესელიძე.
მეზობლების ინფორმაციით, ბავშვი სანთებლით თამაშობდა, რა დროსაც ცეცხლი სავარაუდოდ საწოლის გადასაფარებელს მოეკიდა.
ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია. ადგილზე 7 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.