“კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
სხდომამდე ბრალდებულები უფლებადამცველებმა მოინახულეს.
შეხვედრის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაკავებული მელაშვილი ფიქრობს, რომ ვიდეო_ და აუდიოჩანაწერები, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა, დააზარალებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შემდგომი მოლაპარაკებების პროცესს.
“თვითონ ნახა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რისი საშუალებაც ჰქონდა. ფიქრობს, რომ პროკურატურის მხრიდან დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხების საჯაროდ გავრცელება, დააზიანებს შემდგომ მოლაპარაკებების პროცესს. მხოლოდ ეს და საკუთარი ქვეყნის ინტერესები ადარდებს, ვინაიდან, შეუძლებელია ეს მტკიცებულებები, რომელიც გაავრცელეს, რაიმე ფორმით მისი დანაშაულებრიობის დასამტკიცებლად გამოიყენოს პროკურატურამ.” – განაცხადა ადვოკატმა.
მარიკაშვილი აღნიშნავს, რომ წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებენ:
“ვაპირებთ ბრალდების მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობის დაყენებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით – პატიმრობა უნდა გაუქმდეს აუცილებლად და ასევე, გვექნება შუამდგომლობა სისხლისსამართლებრივი დევნის და გამოძიების შეწყვეტის შესახებ.” – ამბობს მელაშვილის ადვოკატი.
შეგახსენებთ, გასული წლის 7 ოქტომბერს, პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.
13 იანვარს პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და ჩანაწერები გაასაჯაროვა. საქმის არსებითი განხილვა უკვე საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება.