LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მენეჯმენტის სწავლა შეიძლება, ლიდერებად კი, იბადებიან – ეკა ბერიძე სტუმრად გადაცემაში ,,წარმატების ფორმულა”

119
ekaberidze20929

28 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ GWP-ის კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორი ეკა ბერიძე სტუმრობდა.

სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, პირველი პროფესიული გამოცდილება ეკა ბერიძემ „იბერვიზიაში“ შეიძინა, მოგვიანებით კი, TBC TV-ს მთავარი რედაქტორობა ითავა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ქალბატონმა ეკამ თითქმის ყველა ტელეკომპანიაში მოსინჯა შესაძლებლობები, უძღვებოდა საინფორმაციო, შემეცნებით გადაცემებს და ყოველთვის წარმატებით ახორციელებდა საინტერესო პროექტებს.

– ქალბატონო ეკა, დღეს რამდენად კმაყოფილი ხართ მედიის მუშაობით?

– საკმაოდ რთული შეკითხვაა, რადგან ქართულ მედიას ძალიან სპეციფიური ისტორია აქვს. ვფიქრობ, სწორედ „იბერვიზიაში“ აიღო სტარტი დამოუკიდებელმა მედიამ და ჩემი თაობის ჟურნალისტებმაც სწორედ იქ შევიძინეთ პირველი გამოცდილება. მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში მედია ძალიან სწრაფად განვითარდა, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ჟურნალისტები გვყავდა, რომელთაც პროფესიონალიზმის ერთგვარი სტანდარტი დაამკვიდრეს. განვითარების პიკს ქართულმა მედიამ „რუსთავი 2“-ში მიაღწია. საბედნიეროდ, იმ პერიოდში მეც იქ ვმუშაობდი, თუმცა „ვარდების რევოლუციისა“ და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჟურნალისტიკამაც შეიცვალა მიმართულება, რადგან ახალმა მთავრობამ საკუთარ პლაცდარმად აქცია, ტელევიზიების ნაწილი გააუქმა, დარჩენილი კი, ერთ ვერტიკალზე განალაგა და სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ შეაფერხა მისი განვითარება. 2012 წელს ხელისუფლების მორიგი ცვლილების შემდეგ, მართალია, მედიამ დაიბრუნა დაკარგული თავისუფლება, მაგრამ საოცრად პოლარიზებული გახდა. პირადად მე, რამდენიმე წყაროს ვეცნობი, რათა ზუსტად განვსაზღვრო რეალური სიტუაცია. იმედი მაქვს ამ ეტაპსაც დავძლევთ და ქართული ჟურნალისტები მალე ისევ იამაყებენ საკუთარი პროფესიონალიზმითა და მიუკერძოებლობით.

– არჩევანი რომ გქონდეთ, დღეს რა გადაცემას წაიყვანდით?

– ვფიქრობ, ჩემი ძლიერი მხარე ინტერვიუ და რესპოდენტთან საუბარია. თუმცა, წლების განმავლობაში მართლაც მრავალმხრივი გამოცდილება შევიძინე. ყოველთვის განსხვავებული სფეროებით ვინტერესდებოდი, რადგან არ მინდოდა კონკრეტულ გადაცემაზე, მეტიც პროფესიაზე ვყოფილიყავი დამოკიდებული.

– როგორც ხელმძღვანელს, პანდემიამ რა ცვლილებების განხორციელება გაიძულათ?

– ზოგადად, სირთულეები ყოველთვის კრეატივს აძლიერებს ადამიანში, რადგან არასტანდარტულად მოქმედებას და პრობლემის გადაწყვეტის ახალი ხერხების მოძიებას აიძულებს. მართალია, GWP საქართველოს სამ ქალაქს – თბილისს, რუსთავსა და მცხეთას ამარაგებს წყლით, მაგრამ ნაწილობრივ მაინც შევძელით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, რამაც არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო – ორგანიზაციაში, სადაც 3 ათასი ადამიანი მუშაობს, დღემდე ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სხვათა შორის, პირადად მე ნაკლებად ვემხრობოდი დისტანციური მუშაობის პრინციპს, რადგან სახლი და კომფორტული გარემო ადამიანს დასვენებისთვის უფრო განაწყობს, ვიდრე მუშაობისთვის. თუმცა სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ არაჩვეულებრივად გავართვით თავი სირთულეებს და ეფექტიანად მუშაობის უნარიც შევინარჩუნეთ.

– რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

– ძალიან არ მიყვარს ერთ ადგილას გაჩერება, მუდმივად განვითარებას ვცდილობ და ვფიქრობ, სწორედ ეს მაძლევს სხვადასხვა სფეროში მუშაობის სტიმულს.

– ახალი შესაძლებლობები ხომ არ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში კარანტინის პერიოდში?

– კერძების მომზადება ვცადე და საკმაო კარგად გამომივიდა, თუმცა ჩემი მთავარი გატაცება მაინც წერაა. კარანტინის დროს ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, ამიტომ საკუთარ თავშიც შევძელი ჩაღრმავება.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ჩვენი კომპანია ყოველთვის განვითარებაზე იყო ორიენტირებული და ახლაც მუდმივად სიახლის ძიებაშია. ვცდილობთ მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურეობა და დავგეგმოთ ახალი პროექტები.

– როგორ გამოიმუშავეთ ლიდერის თვისებები და რას მიიჩნევთ კარგი ხელმძღვანელის მთავარ ღირსებად?

– პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ლიდერი და ხელმძღვანელი აბსოლუტურად განსხვავებული მცნებებია. არაა აუცილებელი ლიდერს მენეჯერის გამოცდილება ჰქონდეს, ან კარგი ხელმძღვანელი იყოს ლიდერი. რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტია, როცა ადამიანი საკუთარ თავში ორივეს აერთიანებს, თუმცა მენეჯმენტის სწავლა შეიძლება, ლიდერად კი, მხოლოდ იბადება. ვფიქრობ, ლიდერის თვისებები მაქვს, მენეჯმენტი კი, საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ამიტომ დღესაც ვაგრძელებ მის შესწავლას.

– რა მთავარი თვისებები მოგწონთ ან არ მოგწონთ საკუთარ თავში?

– მომწონს საკუთარი მიზანდასახულობა, ყოველთვის შემიძლია ვუხელმძღვანელო ადამიანთა ჯგუფს, თუმცა ძალიან სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებას, რაც ალბათ ჟურნალისტური გამოცდილების შედეგია, რადგან მედიაში სწორედ ოპერატიულობა განსაზღვრავს წარმატებას, კარგ მენეჯმენტს კი, მეტი დაფიქრება და ლავირება სჭირდება. რა თქმა უნდა, ზოგჯერ აუცილებელია სწრაფად გადაწყვეტა, მაგრამ გრძელვადიანი გეგმის შედგენისას ყოველთვის დაფიქრება და ყველაფრის კარგად გააზრებაა საჭირო.

– თანამშრომლებში რას აფასებთ ყველაზე მეტად?

– არა მხოლოდ თანამშრომლებში, ზოგადად ადამიაში ვაფასებ პატიოსნებას. ძალიან არ მიყვარს ფლიდები, რომლებიც მუდმივად სხვის მოტყუებას ცდილობენ. სწორედ ასეთი ადამიანები ბადებენ ჩემში უნდობლობას – თვისებას, რომელიც ძალიან არ მომწონს.

– გენდერული დისკრიმინაცია ხომ არ გიგრძვნიათ რომელიმე სამსახურში?

– გენდერული დისკრიმინაცია არა, მაგრამ სტერეოტიპული დამოკიდებულება ხშირად მიგრძვნია. GWP-ში მისულს ყველა ჟურნალისტად აღმიქვამდა და ძალიან გაუჭირდათ ჩემი სხვა რანგში მიღება. საბედნიეროდ, კარგი განათლება მივიღე მენეჯმენტის სფეროში, დღეს თქმაც გამიჭირდება რა უფრო ახლობელია ჩემთვის – მედია თუ მენეჯმენტი, ამიტომ სტერეოტიპებიც სწრაფად დავამსხვრიე.

– ყველაზე კომფორტულად რომელ სფეროში გრძნობთ თავს?

– ჩემთვის კომფორტი სახლში დასვენება, კომპიუტერთან მუშაობა ან წიგნის კითხვაა, ამიტომ ნაკლებად ეფექტიანი ვარ კომფორტულ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე სამსახურში ვგრძნობდი თავს ცუდად, თუმცა სასურველი შედეგის მისაღებად ყოველთვის ნაკლები კომფორტი და მეტი მობილიზაცია მჭირდება.

 

ბლიცკითხვები:

– აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– ტელეფონს თუ არ ჩავთვლით, ასეთი აქსესუარი მხოლოდ საყურეა.

– რა სტილის სამოსში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ყველაზე კომფორტული ჩემთვის ჯინსებია პერანგთან, მაისურთან ან როლინგთან ერთად?

– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– შინ, საყვარელ ტახტზე.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ?

– ფრაზა „როგორ ხარ?“ – ჩემთვის ერთგვარ მისალმებად იქცა.

– ვის მიიჩნევთ საუკეთესო მრჩევლად?

– ჩემს მეუღლეს.

– გაქვთ თუ არა საყვარელი წიგნი?

– წიგნი არ მაქვს. თუმცა, მაქვს საყვარელი ამონარიდი ლევ ტოლსტოის რომანიდან „ომი და მშვიდობა“, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანები ძალიან ჰგვანან მდინარეს – ზოგჯერ ჩქარს, ზოგჯერ მდორეს, ბინძურს ან სუფთას, ვიწროს ან ფართოს და ადამიანებიც ზუსტად ასე არიან. სწორედ ეს ფრაზა მეხმარება შევინარჩუნო გარშემომყოფების მიმართ ლოიალურობა.

– კერძი, რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ?

– შემწვარი კვერცხი.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– რამდენად უკეთესი სიტუაცია იქნებოდა, რომ არა ვირუსი და ცოტა ხნის წინ დაწყებული სომხეთ-აზერბაიჯანის ომი.

– შეკითხვა, რომლის დასმასაც თავადაც ერიდებოდით და სხვისგანაც გაღიზიანებთ?

– არასდროს მიყვარდა რიტორიკული კითხვები, რომელბზეც ვერასდროს მიიღებ პასუხს. ასეთი შეკითხვები არც მე მომწონს და სხვისგანაც ძალიან მაღიზიანებს.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ვფიქრობ, მთავარი მოთმინება, მიზანდასახულობა და საკუთარი საქმის სიღრმისეულად გაცნობა, მუდმივად საკუთარ, სხვათა განვითარებაზე ზრუნვა და მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების შენარჩუნების უნარია.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები