LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე დღე მარცხიანი გამოდგა

40

ოლიმპიადის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა – ყველა მონაწილე პირველივე ეტაპზე დამარცხდა.

ძიუდოთი დავიწყოთ, რადგან კარიოკა არენა 2-ის ტატამზე ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი გავიდა, მისგან კი გულშემატკივრები ოქროს მედალს თუ არა, საპრიზო სამეულს ნამდვილად ელოდნენ.

სამწუხაროდ, მარგველაშვილმა ერთი ეტაპის გადალახვაც ვერ შეძლო – ქართველი ფალავნისთვის 1/16-ფინალში სლოვენიელი ადრიან გომბოცი დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გამართული სამი პაექრობიდან მარგველაშვილმა ორჯერ დაამარცხა მეტოქე, ბრაზილიაში სლოვენიელმა მოიგო და პირადი ანგარიში გაათანაბრა.

ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული კი ამ წონაში იტალიელმა ფაბიო ბასილემ მოიგო, რომელმაც ფინალში სამხრეთ კორეელი ბაულ ანი იპონით დაამარცხა.

მარგველაშვილამდე იასპარეზა ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა და ნინო სალუქვაძემ. ორივე შემთხვევაში გულდასაწყვეტი შედეგი მივიღეთ.

ხათუნა ნარიმანიძის, ქრისტინე ესებუას და იულია ლობჟანიძის სამეულმა გუნდური ტურნირის საწყის ეტაპზე, 1/8-ფინალში მექსიკელთა წინააღმდეგობა ვერ დაძლია – 0:6. გაბრიელა ბაიარდომ, აიდა რომანმა და ალეხანდა ვალენსიამ ქართველ ჩუბინებს სამ სეტში აჯობეს – 50:54, 52:58 და 55:57.

ნინო სალუქვაძემ კი, ვაჟიშვილის დარად, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იასპარეზა. 377 ქულა და 34-ე ადგილი, რაც ფინალისტთა შორის მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა. სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელ ერთადერთ ქართველ სპორტსმენს საუკეთესო რვა მსროლელს შორის მოსახვედრად შვიდი ქულა დააკლდა. ერთადერთი, რაც გვახარებს ისაა, რომ სალუქვაძის ასპარეზობის შემდეგ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ოფიციალურად ჩაიწერა ქართველი დედა-შვილის მიღწევა – ნინო და ცოტნე მაჭავარიანი პირველი დედა და ვაჟი არიან, რომლებმაც ერთ ოლიმპიადაზე იასპარეზეს!

შედგა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენის, მოცურავე თეონა ბოსტაშვილის ოლიმპიური დებიუტი. 18 წლის რუსთაველმა გოგონამ ბრასით 100 მეტრზე გაცურა – 1:22.91წუთი და 43-ე ადგილი 44 მონაწილეს შორის.

ქართველ ოლიმპიელთაგან ყველაზე გვიან ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იასპარეზა. თბილისის დროით 8 აგვისტოს, გამთენიისას, ბასილაშვილი 1/32-ფინალში ურუგვაელ პაბლო კუევასთან დამარცხდა – 3:6, 7:6, 3:6 და რიო 2016-ს დაემშვიდობა.

 

 

msy.gov.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g