„სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. ამერიკიდან დაბრუნებულმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრა არ შედგება, რადგან ერთი მხრივ იგი თვითიზოლაციაშია და მეორე მხრივ ფიქრობს, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში.
მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერ ვახტანგ მეგრელიშვილთან და მათ „ვერ დააბრალებს, რომ ვინმეს დავალებას ასრულებენ“, თუმცა, მიიჩნევს, რომ „წინასწარ წინადადების გაჟღერება შედეგს არ მოიტანს“.
„არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, სატელეფონო საუბარი მქონდა გუშინ ვახოსთან და ნამდვილად ვერ დავაბრალებ ამ ადამიანებს, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებენ, მაგრამ სტრატეგიულად არასწორი და მოლაპარაკებებისთვისაც არასწორი მგონია, რომ ჩვენ ოპოზიცია ყოველ კვირას ახალ-ახალ წინადადებებს ვაწყობთ. ასე მოლაპარაკებები შედეგზე ვერ გავა“, – აცხადებს ვაშაძე.
მისივე თქმით, პარტიიდან წასვლის თაობაზე ივანიშვილის განცხადების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და პროცესი ამ პარადიგმიდანაც უნდა დაინახოს ოპოზიციამ.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ როდესაც საჯაროდ განაცხადეს, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან აპირებდნენ შეხვედრას, ვაშაძეს საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია.
„წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. ვაშაძემ დღის ბოლოს ელისაშვილის ვარაუდზე კომენტარი გააკეთა. ჩვენ მანამდე გვქონდა კომუნიკაცია და როდესაც საჯარო სივრცეში გაჟღერებულ ამ იდეაზე ვსაუბრობდით, მისაღები იყო ბატონი გიორგი ვაშაძისთვისაც. მერე რა შეიცვალა, არ ვიცი. ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა და რა შეიცვალა, ეს უნდა ჰკითხოთ გიორგი ვაშაძეს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ვაშაძეს „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ მან პოზიცია 180 გრადუსით შეცვალა, რაც ძალიან საეჭვოა.
„ორ დღეში მან რადიკალურად შეცვალა პოზიცია. ცოტა გაუგებარია ამ პოზიციის მოულოდნელი ცვლილება, რადიკალურად, 180 გრადუსით. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არ უნდა ინდივიდუალურად შეხვედრა გიორგი ვაშაძეს? როგორ ფორმატშიც უნდა ისე შეხვდებით. ნებისმიერ ოპოზიციონერს ცალ-ცალკეც შევხვდებით და ერთადაც. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს მხოლოდ, რომ ეს შეხვედრა მიმდინარეობდეს ჩართული კამერებით, შემდეგ ამას სპეკულაციები რომ არ მოჰყვეს. აქ ქვეყნის ბედზე ვლაპარაკობთ, პირადად რაღაც საქმე კი არ მაქვს გიორგი ვაშაძესთან ან ხაზარაძესთან. არ უნდათ პერსონალური შეხვედრები? როგორც უნდათ ისე შევხვდეთ. როგორი ფორმატიც უნდათ, ისეთი იყოს, ყველანი იყვნენ, ბოკერიაც უნდა იყოს. უბრალოდ, გაუგებარია ორ დღეში რატომ ცვლი პოლიტიკოსი პოზიციას. ერთ დღეს რომ აღტაცებული ხარ ამ შეხვედრის პერსპექტივით და ორ დღეში სხვა რამეს იძახი, “, – განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კომპრომატები ჰქონდეთ და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის.
ალეკო ელისაშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი და გიგა ბოკერია სწორედ ამ კომპრომატებით ემუქრებიან.
გიორგი ვაშაძე ელისაშვილის ამ განცხადებას ჭორაობას უწოდებს.
„ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, დიდი ხანი იქნებოდა ეს კომპრომატი უკვე გავრცელებულიც და გამოყენებულიც ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან. ასე რომ, ეს არის ტყუილი, ზღაპარი და ძალიან ვთხოვ ალეკოსაც, იაგოსაც, ყველას, აქცენტი იყოს „ქართული ოცნება“ და არა – ოპოზიცია.
დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ განცხადებებს, სიმართლე გითხრათ, იმუნიტეტი გამომიმუშავდა ამერიკაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ რასაც ხელს უშლის, ასეთი პოზიცინირება ნამდვილად უშლის მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებას. დანარჩენი, თუ რამე იციან, თქვან, თუარა და დაანებობ თავი ჭორაობას, ეს არის ჭორაობა, პოლიტიკოსი დაკავებული უნდა იყოს არა შეთხზვით, არამედ საქმის გადაწყვეტით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
