დედაქალაქის მერია ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნას გეგმავს.
როგორც ”ფორტუნას” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ცენტრი საზოგადოებისთვის სადემონსტრაციო ფიზიკური სივრცის შექმნას გულისხმობს.
ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრში დაინტერესებულ პირებს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციის მიღება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, მოწყობილობების, ექსპონატების, საინფორმაციო მასალების გაცნობა და დათვალიერება შეეძლებათ.
სივრცის მოწყობას და აღჭურვას ენერგოეფექტური სადემონსტრაციო მასალებით ევროკავშირის პროგრამა INOGATE უზრუნველყოფს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის მიზანს მდგრადი ენერგეტიკის პოპულარიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
ამასთან, მათივე ინფომაციით, მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც თბილისის მერიას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ის ტექნიკურ სამდივნოს შორის გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელმა ადრიან ტუმმა მოაწერეს.
დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის გახსნა პასუხობს თბილისის მიერ 2010 წელს „მერების შეთანხმებით“ აღებულ ვალდებულებებს.