„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გასულ კვირას გურჯაანში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მერის მოვალეობის შემსრულებელს, ლერი გელენავას შეხვდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ხაბეიშვილის თქმით, გელენავასგან „ანგარიში ჩაიბარა“ სტიქიით მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით და მისგან პირადად მოითხოვა სამუშაოების დაჩქარება.
„ამ წუთებში გურჯაანის მერ, ლერი გელენავასთან ვიმყოფები და სტიქიით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ანგარიშს ვიბარებ. ასევე, მივეცი პირობა, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების საკეთილდღეოდ არანაირი ბიუროკრატიული პრობლემა არ ექნება.
მერისგან პირადად მოვითხოვე სამუშაოების დაჩქარება და ზარალის დათვლის პროცესში ჩართულობა, რაზედაც მივიღეთ პირობა, რომ შესრულდება. ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს გურჯაანში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს, პირადად ვიქნები ჩართული და ეს საქმე პირად კონტროლზე მექნება აყვანილი“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
?⚪️ ამ წუთებში ვიმყოფები, გურჯაანის მერთან – ლერი გელენავასთან და ვიბარებ ანგარიშს, სტიქიით მიყენებულ ზიანთან…
Posted by Levan Khabeishvili on Monday, June 19, 2023
შეგახსენებთ, 15 ივნისს, უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად გურჯაანში დაიტბორა, თავისუფლების ქუჩა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. დაიტბორა შენობების პირველი სართულები, საავტომობილო გზებზე ადიდებულმა მდინარემ მანქანები წაიღო.