აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. ამჯერად, სააგენტოს ორგანიზებით გიდებმა ქედაში მერისის ტურისტულ მარშუტზე იმოგზაურეს. ინფოტურის მონაწილეებმა ყველა ის ტურისტული ღირსშესანიშნაობა, საოჯახო-სასტუმრო სახლი და ტურისტული სერვისი მოინახულეს, რისი ნახვაც ტურისტებს მერისში მოგზაურობისას შეუძლიათ.
ულამაზესი მერისის ხეობა ბათუმიდან 50 კილომეტრში მდებარეობს და ის იდეალური ადგილია ბუნებაში დასვენების, აჭარული სოფლების, ტრადიციების გაცნობისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების მსურველთათვის. გამორჩეულია მერისული ფოლკლორიც, რომლის მოსასმენად და შესასწავლადაც სოფელს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ამ მხრივ აღსაღნიშნავია თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლი სოფელ გარე ტყეში, სადაც სიმღერის ნიჭი და სიმღერები თაობებს გადაეცემა. ტურისტების ყურადღებას იპყრობს მერისის სიმწვანეში ჩაფლული ულამაზესი ჩანჩქერი და საპიკნიკე ტერიტორია, რომლებიც ხეობის მთავარ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ.
მერისის ტურისტული მარშრუტი მარკირებულია. დაბეჭდილია მარშრუტის ტურისტული რუკაც, რაც ტურისტებს ხეობაში მოგზაურობას უმარტივებთ. მთიან აჭარაში მერისის მსგავსად 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელთა განვითარებაც ეტაპოპრივად მიმდინარეობს. მათი პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარე წელს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 200-ზე მეტ გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთიანი აჭარა.