მოდის კვირეული სოფო ჭყონიას ორგანიზებით, 5-დან 9 ნოემბრამდე თბილისში გაიმართება და მას თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.
კვირეულის დევიზი გახლავთ „ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად“. როგორც მისი ორგანიზატორი სოფო ჭყონია ამბობს, კვირეულის განმავლობაში ახალი სტანდარტების დანერგვას შეეცდებიან. „ნაჩვენები იქნება სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი კოლექციები, აქცენტი კი შოუს ნაცვლად მოდაზე, სტილსა და დიზაინერებზე გაკეთდება“.
მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენება, მათ შორის არიან: ავთანდილი, საშა კანევსკი, ნინო ბაბუხადია, ბესარიონი, თაკო მექვაბიძე, დათუნა სულიკაშვილი, ლიტკოვსკაია, რია ქებურია, Flow the Label და სხვანი.
შემოდგომის მოდურ სანახაობაზე თბილისში ბაიერები, ჟურნალისტები და მაღალი მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან მოიყრიან თავს. პოდიუმზე გამოტანილ სამოსს კომპეტენტურად შეაფასებენ რუსული „ვოგის“ ყოფილი რედაქტორი ალენა დოლეცკაია, იტალიური „ვოგის“ ჟურნალისტი და კონსულტანტი, როსარიო მორაბიტო, მოდელიერი და სტილისტი ნატალია ჯუსი, „ნიო იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტი ჰილი პერსლონი და მოდური სამყაროს სხვა მნიშვნელოვანი ფიგურები.
ნინონ მურღულია