საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს. მოქალაქეები, რომლებიც არ ატარებენ პირბადეს, 20 ლარით ჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეები, რომლებიც 21:00 საათის შემდეგ ქუჩაში საშვის გარეშე არიან, 2 ათასი ლარით.
2 ათასი ლარით დაჯარიმდა მოქალაქე გიორგი გველესიანი, რომელიც უსახლკაროა. ინფორმაცია 21 იანვარს, საღამოს „გირჩი ტვ“-ის ჟურნალისტმა, ნინა საჯაიამ გაავრცელა.
„დაახლოებით ერთი საათის წინ ჩავედი სიგარეტის საყიდლად და დავკარგე სახლის ჩიპი, მივბრუნდი უკან მოსაძებნად. მაქვს საშვი.
მოვიდა ადამიანი, რომელმაც მთხოვა ლარიანი რომ პური ეყიდა საჭმელად, რამოდენიმე დღის უჭმელი ვარო.
რამოდენიმე წუთში ვხედავ მილიცია მიადგა და დაჯარიმებას უპირებს კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ეს ადამიანი უხსნის, რომ არის უსახლკარო, გუშინ უკვე დააჯარიმეს და ეხვეწება, თუ კიდე დამაჯარიმებთ ბარემ მესროლეთ და მომკალითო.გავედი ლაივში და პატრულის თანამშრომელს ადამიანური მორალით ვუხსნი რომ ადამიანმა რამოდენიმე წუთის წინ მთხოვა პურის ფული და ფიზიკურად ვერ გადაიხდის ჯარიმას, თან გუშინ უკვე დააჯარიმეს. პატრულის თანამშრომელი მპასუხომს რომ კანონში ასე წერია და რაც კანონში წერია ყველაფერი უნდა გააკეთოს, მე ვეკითხები : კანონში რომ ეწეროს, ნებისმიერი ადამიანის მოკვლა არის ნება დართული, თუ სახეზე არ მოეწონა იზამს თუ არა ამას. ის მპასუხობს რომ კანონი უზენაესია “,- წერს ნინა საჯაია სოციალურ ქსელში.
“არ მაქვს არც სახლი, არც კარი და არც არაფერი, საქართველოს გულისთვინა, მე სულ ყველაფერი დამიკარგია. ქუჩაში დავდივარ და ვათენებ, ძმაო. აგერ 2000 ლარიანი ჯარიმა ხომ მაქვს, კიდე 2000-ით დამაჯარიმეთ, მერე აიღეთ და მესროლეთ, მომკალით”, – ეუბნება მოქალაქე პატრულის თანამშრომელს, რომელიც ამბობს, რომ მის მონაცემებს ამოწმებს.