“რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, რომ მეტროს გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ. თუმცა, ვერ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ეს გადაწყვეტილება არაა კავშირში (ნაწილობრივ მაინც) მეტროს მემანქანეების დაინფიცირებასთან,” – ამის შესახებ თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, ერთობა 2013-ის განცხადებაშია აღნიშნული.
“დღეის მდგომარეობით მხოლოდ დაინფიცირებული მემანქანეების რიცხვი უკვე 70-მდეა და უშუალოდ მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული პირები 30-მდე. შესაბამისად, 100-მდე მხოლოდ მატარებლის მოძრაობასთან უშუალო პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი ვერ ახერხებს მომსახურებას”, — ვკითხულობთ, ერთობა 2013-ის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, მემანქანეების გარდა, დაინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობა იზრდება მეტროს სხვა სამსახურებშიც.
“მოგეხსენებათ, რომ მეტროპოლიტენის გამართულ მუშაობას ვერ უზრუნველყოფს მხოლოდ ერთი რგოლი. ყველა სამსახურს და პოზიციას უკავია უმნიშვნელოვანესი ადგილი მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაში და უმნიშვნელოვანესია მათი როლი, ისევე როგორც მემანქანეების”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მემანქანეთა პროფკავშირის ინფორმაციით, მეტროს სრულფასოვანი მუშაობისთვის დღეში 120 მემანქანეა საჭირო, ხოლო, სულ დასაქმებულია 220 მემანქანე.
“გამომდინარე აქედან, სამუშაო გრაფიკს, უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში, ვეღარ ავსებდა ის რაოდენობა მემანქანეეებისა, რომლებიც ჯერ კიდევ ახერხებდნენ მუშაობას”, – აცხადებენ ერთობა 2013-ში.
ერთობა 2013 ასევე, ეხმაურება თბილისს მერის განცხადებას იმის შესახებ, რომ საჭიროების შემთხვევაში მერია მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანდა.
კალაძე: მეტრო არ გაჩერდება, საჭიროების შემთხვევაში მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოვიყვანთ
პროფკავშირში ამბობენ, რომ სირცხვილია სამუშაოდ მოიწვიო ადამიანები ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ვირუსის გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქვს.
“თუ შეუძლია მერიას, რომ ბელორუსი მემანქანეები ამყოფოს სტერილურ სამუშაო გარემოში, ჩვენ მემანქანეებს რატომ არ შეუქმნეს იგივე გარემო? უნდა გაითვალისწინოთ ისიც რომ, მხოლოდ მემანქანეების ჩამოყვანა არ იქნება საკმარისი, სხვა თანამშრომელიც ბევრი დაგჭირდებათ. თუმცა რამდენად დაიცავთ მგზავრთა უსაფრთხოებას ამაზე როგორც ჩანს მერე იფიქრებთ”, — მიმართავს ერთობა 2013 თბილისის მერიას.