LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროში, არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

120
47AC9FDC-DEF3-478D-A670-EAE4C6A121DD

მეტროში, არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ავრცელებს საია, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავდა.

12 ნაფიცი მსაჯულიდან 8 ნაფიცმა ნუკრი ბაქრაძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ცნობისთვის, 23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანში“ არასრულწოვანთან მიმართებით მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პატრულ-ინსპექტორი – ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

მას ბრალად ედებოდა არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება კახა ბაკაშვილს, მას ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ბაკაშვილი მისი მეწყვილე პატრულ-ინსპექტორის მიერ შშმ პირის ცემის მომენტში ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა, ინციდენტში არ ჩარეულა და ძალადობის შეჩერება არ უცდია.

კახა ბაკაშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან დაახლოებით, 1 თვის წინ გათავისუფლდა.

მან გამოძიებასთან ითანამშრომლა, ამასთან ბრალი აღიარა. სასამართლომ ბაკაშვილი ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g