LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაგვიმართლა“ რომ აშკარა ვიდეოჩანაწერი არსებობდა – დაუსჯელობის სინდრომი და ხელის დაფარების პოლიტიკა ახალისებს ამგვარ შემთხვევებს: უფლებადამცველი პოლიციელის მიერ არასრულწლოვანი შშმ პირის ცემაზე

239
გოგა ხატიაშვილი 11

„დაუსჯელობის სინდრომი და ხელის დაფარების პოლიტიკა ბუნებრივია, რომ ახალისებს ამგვარ შემთხვევებს“, – ამის შესახებ განცხადება „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ უფლებადამცველმა გოგა ხატიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გუშინ გავრცელებული კადრები, სადაც პოლიციელი არასრულწლოვან შშმ პირს ცემს, ძალიან მძიმეა.

პოლიციელმა მოქალაქეს სცემა – გავრცელებული ინფორმაციით დაზარალებული შშმ პირია

უფლებადამცველის თქმით, საკმაოდ ხშირად ასეთი საქმეები არ გამოირჩევა აშკარა მტკიცებულებით, თუმცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს „გაუმართლა“, რომ ასეთი აშკარა ვიდეოჩანაწერი არსებობდა, რომელსაც ვერავინ გაექცა.

გოგა ხატიაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან საქმის გამოძიების იმედი აქვს.

მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე დღეს 2 პოლიციელი დააკავეს.

“გველაპარაკეთ ჟესტურ ენაზე” – მთავრობის ადმინისტრაციასთან სმენადაქვეითებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს

უფლებადამცველი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის სტატისტიკაზე საუბრობს, სადაც წერია, რომ სამართალდამცავი უწყების თანამშრომლის, მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის 270 ფაქტზე დაიწყო გამოძიება და აქედან 82% შემთხვევაში, სავარაუდო მსხვერპლები, შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირებად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ასახელებდნენ.

როგორც გოგა ხატიაშვილი აცხადებს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების ყველა რგოლის მზაობა, რომ ასეთ შემთხვევებზე საგამოძიებო ორგანომ, პროკურატურამ და სასამართლომ ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს, რათა პრევენეცია მოხდეს და შემდგომში მსგავს ფაქტთან აღარ გვქონდეს ადგილი.

„ამბობს, არაფრის გამო დამიჭირა პოლიციამ, მეგობრები გაიქცნენ, მე შემიყვანეს და მცემესო“ – რას ამბობენ ნაცემი შშმ პირის ახლობლები მომხდარზე

მეტროში პოლიციის მიერ ნაცემი არასრულწლოვნის დედა პირველ კომენტარს აკეთებს

ძალიან მძიმე კადრები გავრცელდა გუშინ, რომელიც შეგვიძლია, რომ რამდენიმე ასპექტით შევაფასოთ. პირველ რიგში ეს იყო მძიმე ფიზიკური ძალადობა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა განახორციელა პოლიციელმა. ეს იყო ყველაზე მძიმე ნაწილი ამ ვიდეოკადრების. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს იმ პოლიციელის შეფასება, რომელიც გულგრილად უყურებდა ამ პროცესს და არ მიიღო ზომები ამის შესაჩერებლად და არც დარეკა საგამოძიებო ორგანოში ამ ფაქტის შესატყობინებლად. ესეც ძალიან მძიმე ფაქტია – უმოქმედობა.

არ უნდა დაგვავიწყდეს წინარე კომუნიკაცია, რომელიც ძალადობამდე ხდება. როდესაც მოქალაქეები საუბრობენ, ერთ-ერთი მათგანი პოლიციელს ეუბნება, რომ ეს ადამიანი არის შშმ პირი და ამის შემდეგ, როდესაც ამ ადამიანის სტატუსის შესახებ იცოდა პოლიციელმა, აგდებულად და ცინიკურად გააგრძელა კომუნიკაცია. ის ფაქტი, რომ დაზარალებული არის არასრულწლოვანი და შშმ პირი კიდევ უფრო ამძიმებს გარემოებებს. ზრუნვის და მხარდაჭერის მაგივრად, რომელიც სწორედ პოლიციას ევალება, ასეთი მძიმე შედეგი მივიღეთ. 

ქადაგიშვილი პოლიციელის ძალადობაზე: ერთეული ფაქტებია ეს, თან არა “ზემოდან” მითითებით

საკმაოდ ხშირად ასეთი საქმეები არ გამოირჩევა აშკარა მტკიცებულებით და არ ვიცი ეს სიტყვა რამდენად რელევანტურია, მაგრამ „გაგვიმართლა“ რომ ასეთი აშკარა ვიდეოჩანაწერი არსებობდა, რომელსაც ვერავინ გაექცა. არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ასეთი რეალური მტკიცებულება არ გვაქვს ხოლმე, რაზეც, როგორც წესი არ დგება ხოლმე შედეგი.

მე ნამდვილად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ყველა პოლიციელი გამოირჩევა, ასეთი ძალადობრივი დამოკიდებულებებით“, რადგან ნამდვილად მუშაობენ ღირსეული და კეთილსინდისიერი თანამშრომლები, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევები და საზოგადოებას გარკვეული პერიოდულობით მოგვეწოდება ამის შესახებ ინფორმაციები. სამწუხაროდ, ამ შემთხვევებს არ აქვს სახელმწიფოს მხრიდან სისტემური პასუხი, რომ მოხდეს ეფექტიანი პრევენცია და იმ პირების სათანადო დასჯა. დაუსჯელობის სინდრომი და ხელის დაფარების პოლიტიკა ბუნებრივია, რომ ახალისებს ამგვარ შემთხვევებს.

სტატისტიკაც, რომ მოვიშველიოთ, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც სულ ცოტა ხანში გაუქმდება, სამართალდამცავი უწყების თანამშრომლის, მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის 270 ფაქტზე დაიწყო გამოძიება და აქედან 82% შემთხვევაში, სავარაუდო მსხვერპლები, შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირებად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ასახელებდნენ. არ არის ერთეული შემთხვევები, როდესაც მოქალაქეს აქვს პრეტენზია პოლიციის თანამშრომლების მიმართ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების ყველა რგოლის მზაობა, ასეთ შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის, დაწყებული საგამოძიებო ორგანოდან, გაგრძელებული პროკურატურით და დასრულებული სასამართლოთი იმისათვის, რომ პრევენეცია მოხდეს და შემდგომში მსგავს ფაქტთან აღარ გვქონდეს ადგილი.

ერთადერთი უწყება, რომლის მიმართაც, ნამდვილად არსებობს მოლოდინი დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის, იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც სწორედ ასეთ ფაქტებს იძიებდა. სამწუხაროდ ხელისუფლებამ გააუქმა და 1 მარტიდან ეს სამსახური აღარ იქნება.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორი მიუთითებს, მათ ჰქონიათ შემთხვევები, როდესაც რამდენიმე საქმეზე მიუმართავთ პროკურატურისთვის და უთქვამთ, რომ დავასრულე გამოძიება, გამოიკვეთა დამნაშავე პირები და მიეცით პასუხისგებაში, მაგრამ ამას არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს 1 მარტამდე აქვს შენარჩუნებული უფლებამოსილება. საბედნიეროდ აღნიშნულ საქმეზე, სწორედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოახდინა რეაგირება და ამ პირობებში ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნება გამოძიებული. მაგრამ მხოლოდ გამოძიება საკმარისი არ არის, თუ პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა და სასამართლოც სათანადო გულისხმიერებით არ მიუდგა ამ საქმეს.

რაც შეეხება გენერალურ ინსპექციას, დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, როდესაც სავარაუდო დანაშაულს, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ან თუ ადგილი აქვს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ან წამებას, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, ასეთი ტიპის საქმეებს იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. გენერალურ ინსპექციას არ აქვს მანდატი, რომ ასეთი საქმეები შეისწავლოს. მათ თუ მიიღეს ინფორმაცია, ვალდებულები არიან, რომ ფაქტები გადაუგზავნონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს“, – განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები