LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ხატიაშვილი: მოიკრიბეთ ძალა, ძალადობის პირველივე შემთხვევაზე ილაპარაკეთ, დუმილი ძალადობას არ ასუსტებს, პირიქით, აძლიერებს და ასეთ მძიმე შემთხვევებამდე მივყავართ

172
BeFunky-collage (1)

“ფემიციდის უმეტესი შემთხვევის თავიდან აცილება არის შესაძლებელი, ყველა ეტაპზე, მართლმსაჯულების ყველა რგოლში რისკების სწორად შეფასებით,” – ამის შესახებ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში ექსპერტმა გოგა ხატიაშვილმა “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა”განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი პრობლემა კანონმდებლობის აღსრულებაშია.

“ძალიან კომპლექსური პრობლემაა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა და არის ერთ-ერთი სისტემური პრობლემა ჩვენს ქვეყანაში.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კანონმდებლობა ამ სფეროში და, ფაქტობრივად, მცირედი გამონაკლისების გარდა, ითვალისწინებს ყველა იმ მექანიზმს, რაც მსხვერპლთა დასაცავად არის მნიშვნელოვანი. თუმცა, მთავარი პრობლემა რჩება კანონმდებლობის აღსრულებაში, რომელიც საჭიროებს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მუშაობას.

ძირითადად, აქცენტი კეთდება უკვე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირების განხორციელებაზე და ძალიან სუსტია პოლიტიკა პრევენციის მიმართულებით.

როცა ვსაუბრობთ პრევენციაზე, ეს გულისხმობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რომელსაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. ეს გულისხმობს, როგორც საგანმანათლებლო, საინფორმაციო ღონისძიებებს, რომლებსაც უნდა ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი.

ეს გულისხმობს იმ რისკ-ჯგუფებთან მუშაობას, რომლებიც ძალადობის რისკ-გჯუფებს განეკუთვნებიან და ასევე გულისხმობს მსხვერპლების, ქალებისა და გოგონების გაძლიერებას, მათ შორის, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.

ასეთი პროგრამები არის ძალიან სუსტი და სწორედ ეს განაპირობებს ასეთ გავრცელებულ მასშტაბებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის.

როდესაც ხდება ფემიციდი, რომელიც არის თავისი შინაარსით უკვე მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, როგორც წესი, ეს არ ხდება ხოლმე სპონტანურად, მანამდე ქალი ექვემდებარება ძალადობის სხვადასხვა ეტაპს.

ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენ წინასწარ შეგვიძლია განჭვრეტა, თუ როგორ შეიძლება, რომ ეს პროცესი დასრულდეს.

ამის გათვალისწინებით, ფემიციდის უმეტესი შემთხვევის თავიდან აცილება არის შესაძლებელი, ყველა ეტაპზე, მართლმსაჯულების ყველა რგოლში რისკების სწორად შეფასებით. ჩვენ გვაქვს ორი ტიპის გამოცდილება:

ეს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რიგ შემთხვევებში მსხვერპლებს მიმართული ჰქონდათ სახელმწიფო უწყებებისთვის, მაგრამ ფემიციდის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.

ეს არის საკმაოდ კომპლექსური პრობლემა, რადგან მართლმსაჯულების სხვადასხვა რგოლმა, პოლიცია იქნება ეს, პროკურატურა თუ სასამართლო, რისკები სწორად ვერ შეაფასა და ვერ დაინახა.

მაგალითად, ჩვენ გვქონია სამწუხარო გამოცდილებები, როდესაც სასამართლოს მოძალადე გირაოს სანაცვლოდ გაუთავისუფლებია ან ძალიან ხანმოკლე და ლმობიერი სასჯელი გამოუყენებია. ამის შემდეგ კი, მოძალადეს უფრო მძიმე დანაშაული ჩაუდენია. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ რისკები და საფრთხეები სწორად ვერ დაინახა.

გოგა ხატიაშვილმა “ფორტუნას” ეთერში პრევენციულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და განმარტა, რა მნიშვნელობა აქვს შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებას.

ასევე კანონმდებლობით შესაძლებელია ძალადობის შემთხვევებზე ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება, რომელიც 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაინერგა და ეს კიდევ უფრო აძლიერებს შემაკავებელ ორდერს იმიტომ, რომ თუ ორდერია გამოწერილი და ძალადობის განმეორების რეალური საფრთხეა, ასეთ დროს მოძალადე რომ არ მიუახლოვდეს მსხვერპლს, ელექტრონული ზედამხედველობის გზით კონტროლდება 24-საათიან რეჟიმში და არსებული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთი ტიპის მექანიზმის გამოყენების დროს საკმაოდ მცირდება რისკები, არა თუ ასეთი მძიმე შემთხვევების, არამედ ახალი ძალადობის ჩადენის.

პრაქტიკაში, ეს ძალიან ცოტა შემთხვევაში გამოიყენება. კანონმდებლობით ეს არის გათვალისწინებული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკაში ეფექტიანად იქნას გამოყენებული.

ორ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას. კანონმდებლობით, სავალდებულოა, რომ მსხვერპლმა თანხმობა განაცხადოს ელექტრონულ ზედამხედველობაზე. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ზოგჯერ მსხვერპლი ამბობს ხოლმე უარს მის გამოყენებაზე.

ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ პოლიციისგან არ აქვთ მათ სათანადო ინფორმაცია. მათ შორის არ შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ამ ზედამხედველობის გამოუყენებლობას შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ შსს-მ უნდა იმუშაოს უფრო მეტი, მათ შორის პოლიციელებთან, რათა მათ ჰქონდეთ იმის უნარი და კვალიფიკაცია, რომ სათანადოდ აუხსნან მსხვერპლებს, მოქალაქეებს, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.

და მეორე განზომილება – პოლიციელს აქვს რისკის შეფასების ინსტრუმენტი, ეს დაინერგა სამინისტროში 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან და სწორედ ამ რისკის შეფასების ინსტრუმენტით ხელმძღვანელობს პოლიციელი გამოიყენოს, თუ არა ელექტრონული ზედამხედველობა. ანუ ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებაში ეხმარება და თუ ამ ზედამხედველობის გამოუყენებლობის მიზეზი არის ამ რისკის შეფასების ინსტრუმენტთან დაკავშირებული ხარვეზები, დროულად უნდა გადაიხედოს.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში ექსპერტმა გოგა ხატიაშვილმა “ფორტუნას” ეთერში ასევე მიმართა ქალებს, რომლებიც, შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მოიკრიბონ ძალა და ძალადობის პირველივე შემთხვევაზე ილაპარაკონ ამის შესახებ და მე მჯერა, რომ მათ გვერდით აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც მათ დაეხმარება.

დუმილი ძალადობას არ ასუსტებს, პირიქით აძლიერებს და ასეთ მძიმე შემთხვევებამდე მივყავართ. მიმართვას და კანონმდებლობის გამოყენებას ყოველთვის აქვს აზრი.

მე შემიძლია ამ ქალებს ვურჩიო, რომ აუცილებლად დარეკონ 112-ზე, რომელიც არის გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზი, ასევე 116 006-ზე, რომელიც არის საკონსულტაციო ცხელი ხაზი და ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში, 8 ენაზე, ეს მათ მიეხმარებათ მინიმუმ ინფორმაციის მიღებაში და, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ამ ადამიანებს ჩემი მხარდაჭერა დავანახო, მათ შორის, განვუმარტო კანონმდებლობა და მივაწოდო ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ – აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

„ჩვენ შეგვეძლო ეს ბავშვები გადაგვერჩინა…თუ ბავშვების დაცვა გვინდა, მაშინ ინფორმაცია უნდა მივცეთ, გამოცდილი მეთოდია, რომ სკოლაში, ძალიან ზუსტად დამუშავებული მიდგომით ვასწავლოთ” – ანა არღანაშვილი სექსუალური ძალადობის ფაქტებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები