LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამბობს, არაფრის გამო დამიჭირა პოლიციამ, მეგობრები გაიქცნენ, მე შემიყვანეს და მცემესო“ – რას ამბობენ ნაცემი შშმ პირის ახლობლები მომხდარზე

1294
შშმ პირის მამა და მეგობარი

მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის მამა აცხადებს, რომ მის შვილს დაზიანებები თვალის არეში აქვს და ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაყვანილი, რათა მისთვის მიყენებული დაზიანებები შეფასდეს.

„პოლიცია რომ მიუახლოვდა, ჩემი შვილი მეგობრებთან ერთად „ისნის“ მეტროში ჩადიოდა, მისი მეგობრები გაიქცნენ, ამას ხელი გადაუგრიხეს და განყოფილებაში გადაიყვანეს, იქაც სცემდნენ.

ბავშვი სახლში ღამე, 12:00 საათზე მოვიდა, ვნახე, რომ ნაცემი იყო და თვალი დასივებული, დალურჯებული ჰქონდა. დღეს პოლიციამ ექსპერტიზაზე წაიყვანა, დანარჩენი ვნახოთ, როგორ იქნება.

ამბობს, მეტროში ჩავედით, ტელეფონით ვიდეოებს ვიღებდით, არაფერი დაგვიშავებია, არაფერს ვამტვრევდითო. არაფრის გამო დამიჭირა პოლიციამ, მეგობრები გაიქცნენ, მე შემიყვანეს და მცემესო.

სკოლაში არ დადის, მისი მეგობარი „ვაგზალზე“ ქირით ცხოვრობს და მასთან ცხოვრობს, სახლში კვირაში ორჯერ მოდიოდა, ეს ამბავი რომ მოხდა, სახლში მოვიდა“,- განუცხადა ჟურნალისტებს არასრულწლოვანის მამამ.

მეტროში პოლიციის მიერ ნაცემი არასრულწლოვნის დედა პირველ კომენტარს აკეთებს

ამ დროისთვის მისი ოჯახის წევრები გამოკითხულები არიან.

აღნიშნულზე კომენტარი შშმ პირის იმ მეგობარმაც გააკეთა, რომელმაც ძალადობის კადრები გადაიღო. როგორც მან ტვ „ფორმულას“ უთხრა,  სამართალდამცველების გაღიზიანება ესკალატორის მოაჯირზე დაჯდომამ გამოიწვია.

მისი თქმით, პოლიციელი გააფრთხილეს, რომ ბიჭი შშმ პირია და ნათქვამს ვერ გაიგებდა, რაზეც პოლიციელმა მას უთხრა, რომ აალაპარაკებდა.

„ესკალატორის მოაჯირზე დაჯდა ჩემი მეგობარი, რამაც გამოიწვია სამართალდამცველის აგრესია. ზემოდან პოლიციელმა ალბათ დაინახა და ქვემოთ მყოფ პოლიციელს გადასცა, რომ მოაჯირზე ზის…

რაზე უნდა შევწინააღმდეგებოდით?! კი, შეიძლება არ არის სწორი საქციელი, რომ მოაჯირზე დაჯდა, მაგრამ მაგის გამო ეგრე არ უნდა მიუდგე ადამიანს და ეგრე სასტიკად არ უნდა გაუსწორდე. ვუთხარით, რომ არის ყრუ-მუნჯი, არ ესმის და ვერ გააგებინებ ვერაფერს და გვითხრა, ავალაპარაკებო – როგორ აალაპარაკა, ვიდეოში ნახავდით“, – იხსენებს ბიჭი.

რაც შეეხება მეორე პოლიციელს, კადრების ავტორი ამბობს, რომ ის „ცივად“ უყურებდა, როგორ სცემდა მეორე პოლიციელი არასრულწლოვანს.

„მეორე პოლიციელი ცივად უყურებდა, არაფერს აკეთებდა საერთოდ, რეაქცია არ ჰქონია. როგორც ინფორმაცია მომაწოდეს, სამხრე კამერით იღებდნენ ეგენიც და ალბათ, უყურებდნენ და იცინოდნენ“, – ამბობს დაზარალებულის მეგობარი.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, საგამოძიებო უწყება არ დაჰკავშირებია და გამოკითხვაზე არ ყოფილა, თუმცა ამბობს, რომ მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ამასთან, დღესვე, დაზარალებული არასრულწლოვანის დედამ განაცხადა, რომ  ოჯახს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა არ აქვს – უკვე ცნობილია, რომ მათ ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის მეტროში სამართალდამცველი შშმ მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო-კადრები თვითმხილველმა გადაიღო, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს პოლიციელი შშმ პირს.

მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე დღეს 2 პოლიციელი დააკავეს.

ამავე თემაზე:

შშმ მოზარდზე პოლიციელის ძალადობის გასაპროტესტებლად შსს-სთან აქცია იმართება

“გველაპარაკეთ ჟესტურ ენაზე” – მთავრობის ადმინისტრაციასთან სმენადაქვეითებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს

ქადაგიშვილი პოლიციელის ძალადობაზე: ერთეული ფაქტებია ეს, თან არა “ზემოდან” მითითებით

 

ფოტოები: IPN/ტვ „ფორმულა“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g