LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთი, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

298
პოლიციელის ძალადობა შშმ პირზე

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთი, კახა ბაკაშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

ბაკაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, ამასთან ბრალი აღიარა. სასამართლომ ბაკაშვილი ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

„გამოძიებასთან ვითანამშრომლეთ. მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მისი პიროვნება, მისი პოლიციაში 23-წლიანი უმწიკვლო მუშაობა პროკურატურამ, სასამართლომ გაითვალისწინა“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პატრულ-ინსპექტორის ადვოკატმა ლაშა სტურუამ.

განწირული ხმა, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა - შშმ პირების უფლებები და პრობლემები

სახელმწიფო შშმ პირებს ექსპერტიზას უტარებს, ეს უფასოა, სადაც განისაზღვრება, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება მას

მისივე თქმით, პატიმრობიდან გათავისუფლებული პატრულ-ინსპექტორი ამ ეტაპზე, სამსახურში დაბრუნებას არ გეგმავს.

„ვიდრე პირობითი მსჯავრი არ მოეხსნება, სტატუსი არ აღუდგება, როცა ნასამართლობა გაუქარწყლდება, თავად ორგანოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუკი, ბაკაშვილი მათ მიმართავს და ამის სურვილი ექნება. მე რამდენადაც ვიცი, მას ამ ეტაპზე, ორგანოებში დაბრუნების დიდი სურვილი არ აქვს, თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა სტურუამ.

ცნობისთვის, 23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანში“ არასრულწლოვანთან მიმართებით მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სამართალდაცავებმა ორი პატრულ-ინსპექტორი – კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე დააკავეს.

ბაკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, მისი მეწყვილე პატრულ-ინსპექტორის მიერ შშმ პირის ცემის მომენტში ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტში არ ჩარეულა და ძალადობის შეჩერება არ უცდია.

„გაგვიმართლა“ რომ აშკარა ვიდეოჩანაწერი არსებობდა – დაუსჯელობის სინდრომი და ხელის დაფარების პოლიტიკა ახალისებს ამგვარ შემთხვევებს: უფლებადამცველი პოლიციელის მიერ არასრულწლოვანი შშმ პირის ცემაზე

რაც შეეხება ნუკრი ბაქრაძეს, მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

magti 5g