ადამიანი არის ღვთის გამოუთქმელი დიდების ხატი, მიუხედავად დაცემულობისა, ცოდვების წყლულებისა და შედეგებისა, რომლებიც ადამიანის ბუნებას აქვს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)დიდმარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე ქადაგებისას განაცხადა.
„დიდი მარხვა სინანულის დროა. სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს ამ სიკეთეს, სწამს ამ სიკეთის, ხედავს, გრძნობს და უყვარს. ადამიანში მარტო ცოდვების და არარაობის დანახვა აზიანებს ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ამ კეთილი მხარის დანახვის გარეშე. აზიანებს თუნდაც იმიტომ, რომ მიჰყავს ადამიანი მოწყინებამდე, სევდამდე, სასოწარკვეთილებამდე და პარალიზებას ახდენს ღვთისგან ბოძებული საოცარი ნიჭისა, რაც არის ჩვენი შემოქმედებითი ძალები.
აი, ამიტომ დიდმარხვაში, როდესაც უფრო მძაფრად განვიცდით ჩვენს დაცემულობას, ამ მოწყინებაში ჩავარდნის საშიშროებაც უფრო მეტია. ამიტომ წმინდა ეკლესია გვიცავს ამ შეხსენებებით და მინიშნებებით, მოწმობს რა, ღვთის გამოსახვის შესაძლებლობას; ის გვახსენებს ჩვენში ხატებას ღვთისას, როგორც ამ დიდ საოცარ საფუძველს ჩვენი ბუნებისა და თითქოს გვეუბნება: – შეხედე, რა დიდი სიკეთე მიეცა ადამიანს! რა საოცარ სიმაღლეზე შეუძლია ადამიანს ავიდეს სულიერი კიბით, თუნდაც უკანასკნელი დაცემულობის ფსკერიდან!
ეს შეხსენებები, სიმბოლური მინიშნებები, რომლებიც იწყება დღევანდელი კვირიდან და გაგრძელდება შემდეგ კვირებში (ეს იქნება შემდეგ გრიგოლ პალამას სწავლება, ჯვრის თაყვანისცემა, იოანე კიბისაღმწერლის კვირა, მარიამ ეგვიპტელისა), სულიერად გვაძლიერებენ, გვიმტკიცებენ მართლმადიდებლურ რწმენას ღვთისა და ადამიანისა და მოგვიწოდებენ ქმედითი სიყვარულისკენ. ამიტომ ჩვენც უნდა ვუპასუხოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ მოწოდებებს, ამ მინიშნებებს სულიერი ღვაწლით და ქმედითი სიყვარულით, კეთილგანწყობით ადამიანებისადმი, მათი ცხოვრებისადმი და მათი გულწრფელი, კეთილი მისწრაფებებისადმი“, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.
