გამოცემა „მედუზა“ 61 წლის რუსი პაციფისტი ჟურნალისტის, ნატალია ფილონოვას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ოქტომბრის ბოლოს, ქალაქ ულან-უდეში მცხოვრებ რეპორტიორს შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
მედიის ინფორმაციით, მან, სავარაუდოდ, პოლიციას ბურთულიანი კალამი დაარტყა მას შემდეგ, რაც რუსეთში, მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს, თუმცა, ფილონოვას შინაპატიმრობის პირობების დარღვევა მალევე მოუწია.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფილონოვას ქმარს, რომელიც იმ დროისთვის ტრანს-ბაიკალის [რუსეთი] მხარეში 16 წლის შვილობილთან ერთად იმყოფებოდა, ინფარქტი დაემართა, თავად შვილობილი კი გაუჩინარდა.
ფილონოვა მათ საძებნელად წავიდა – საბოლოოდ კი ამის გამო წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა. ამჟამად მას ბრალი ორი პოლიციელის წინააღმდეგ თავდასხმაში აქვს წაყენებული, თუმცა საგულისხმოა, რომ ამ საქმეს მოწმეები არ ჰყავს. ბრალდებულს კი 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„მედუზა“ მოგვითხრობს ოპოზიციონერი ქალი ჟურნალისტის ისტორიას, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან თავისი გაზეთის [ამჟამად რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა] მკითხველებს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ უყვება და უშიშროების ძალების თვითნებობას აპროტესტებს.
ჯერ კიდევ 2014 წელს, ნატალია ფილონოვამ რუსული ჯარების უკრაინაში შესვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო. ის არბატზე [მოსკოვის ყველაზე ცნობილი ქუჩა], ულან-უდას ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე იდგა ბანერით „დაიცავი თავისუფლება!“
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეებიდან, ნატალია ფილონოვა ომის საწინააღმდეგო მოძრაობას შეუერთდა. მისი ბრძოლის ფორმა კი არაძალადობრივი პროტესტია.