შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, ლარში ფასდადების წესების დარღვევის გამო, 2017 წლის 1 ივლისიდან, 117 მეწარმე დააჯარიმა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაცემებში არ შედის ის მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც ლარში ფასდადების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაუფიქსირდათ.
“შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 2017 წლის 1 ივლისიდან დაიწყო რა აღნიშნული ნორმის ადმინისტრირება, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები დაედო 117 მეწარმეს”, – ამის შესახებ „ფორტუნას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ პირველი ივლისიდან , მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.
ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის პირველი შემთხვევა რეკლამის დამკვეთის ან წინადადების მიმცემის გაფრთხილებას იწვევს. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
თამთა უთურგაშვილი
