სოფელ ატოცის მკვიდრი, იოსებ ზარნაძე ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ აშენებული ღობის გამო, იძულებული გახდა 35 მეტრით უკან დაეწია, რადგანაც მისი 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უშუალოდ საოკუპაციო ზოლს ებჯინება.
ღობის აშენების შემდეგ, უკან დავწიე 35 მეტრით. აქამდე 1 ჰექტარზე ცოტა მეტი გამოდიოდა, ახლა ავზომე და 80 მეასედიღა დარჩა – აცხადებს ატოცის მკვიდრ იოსებ ზარნაძე.
ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებენ და აცხადებენ, რომ „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია“.
მაინც ვამუშავებთ მიწას შეძლებისდაგვარად, ძველი ქართული ანდაზისა არ იყოს, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია! რომ დავტოვოთ და ნელა-ნელა რომ ვიაროთ, სოფლამდე რომ მოვიდნენ, მერე რა ვქნათ?
სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან, ამ დროისთვის ქართველი სამართალდამცველები, მედიის წარმომადგენლები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან.
საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს შეიარაღებული პირები პატრულირებენ და ქართველ პოლიციელებსა და ჟურნალისტებს ფოტოებს უღებენ და დურბინდით აკვირდებიან.
სოფელ ატოცის მიმდებარე მინდორში საოკუპაციო ძალებმა 19 ოქტომბერს განაახლეს ე.წ. საზღვრის მონტაჟის სამუშაოები, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, 2018 წლის 7 ნოემბრიდან იყო შეჩერებული. სულ საოკუპაციო ძალებმა 140-ზე მეტ ძელზე დაამონატაჟეს ღობე.