პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი დაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამისი პროექტი მზადდება და 18 თვეში ქუთაისს უკვე ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ინფრასტრუქტურა ექნება.
„ტურიზმი აქტიურად ვითარდება, შარშან, 4, 5 მილიარდი დოლარის შემოსავლები გვქონდა, წელს ტურიზმიდან შემოსულ შემოსავლებს უფრო მეტს ველოდებით. ასევე მინდა ვთქვა, რომ აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი მაგალითად, ქუთაისის აეროპორტში, რეისების რაოდენობა გაზრდილია ყველა მიმართულებით, ათეულობით რეისია დამატებული.
ქუთაისის აეროპორტში გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დაპროექტება, მშენებლობა. 3,5 კმ იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა, ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ქუთაისში, ალბათ, მალე იქნება მილიონი მგზავრი. ამიტომ სჭირდება ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა. პროექტირებას ახლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში უკვე გაკეთებული, დასრულებული იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.