ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ლიდერმა აიტი კომპანიამ „მაიკროსოფტმა“ მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს ჩვენს მიერ შექმნილ კონსორციუმს და ერთობლივი ძალისხმევით განვავითაროთ საქართველოში ციფრული ეკონომიკა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში განაცხადა, სადაც ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ზუსტად ამ დარბაზში, ტექნო პარკში წარადგინეს „ციფრული აბრეშუმის გზის“ ინიციატივა, დღეს კი ამ პროექტის განხორციელებისთვის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს დგამენ. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, “ერთი სარტყელი-ერთი გზის” ფარგლებში ამ პროექტს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, შედეგად კი საფუძველს უყრის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და მეტ ეკონომიკურ ზრდას.
„ციფრული კომპანიები შეადგენენ დღეს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების უმნიშვნელოვანეს ნაწილს. კომპანიები, რომლებიც განსაზღვრავენ მსოფლიოს ხვალინდელ დღეს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ლიდერმა აიტი კომპანიამ „მაიკროსოფტმა“ მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს ჩვენს მიერ შექმნილ კონსორციუმს და ერთობლივი ძალისხმევით განვავითაროთ საქართველოში ციფრული ეკონომიკა. თავად ის ფაქტი, რომ ასეთი გიგანტი კომპანიები ინტერესდებიან საქართველოში მსგავსი პროექტების განხორციელებით, არის ნათელი დასტური იმისა, თუ რა უნიკალური შესაძლებლობა აქვს ქვეყანას, რომ გახდეს ციფრული ეკონომიკის ჰაბი მთელს რეგიონში.
მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „მაიკროსოფტს“ ასეთი მაშტაბური მხარდაჭერისთვის! ამ პროექტის განხორციელებით მოხდება ქართული მხარის მაქსიმალური ჩართულობა და სტარტაპები გახდებიან ამ პროექტის მამოძრავებელი ბირთვი! განვითარებულ მსოფლიოში სტარტაპები არიან ეკონომიკის ყველაზე საინტერესო კომპონენტები. სულ რამდენიმე წლის წინ Uber-იც სტარტაპი იყო, რომელმაც 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი მოიზიდა. ასე, რომ შეიძლება ამ ოთახში მომავალი მილიარდელებიც კი გვესწრებით“, – განაცხადა ბახტაძემ.
ცნობისთვის, ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია „Microsoft“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა და კომპანია „Microsoft საქართველოს“ დირექტორმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ.