„არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიწევს – „ფეიკ ნიუსები“ მაქვს მხედველობაში, რომლის მიზანიც არის თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაცია და საზოგადოების დეზინფორმაცია,“ – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მუხიანში საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა.
კალაძემ აღნიშნულ ინფორმაციას მიზანმიმართული „ფეიკ ნიუსი“ უწოდა და თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ უნდა მუშაობდეს აღნიშნული ატრაქციონი, ვიდეო აჩვენა. მისივე თქმით, მსგავსი დეზინფორმაცია დედაქალაქის მერიის მხრიდან უპასუხოდ არასდროს დარჩება.
„არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიწევს – „ფეიკ ნიუსები“ მაქვს მხედველობაში, რომლის მიზანიც არის თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაცია და საზოგადოების დეზინფორმაცია. ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე დისკრედიტაცია გაუწიონ დედაქალაქის მერიას და, რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე არის კახა კალაძე.
ყველაფერს ცდილობენ, რომ საზოგადოება მოატყუონ, შეიყვანონ შეცდომაში და ძალიან ბევრ სისულელეს იგონებენ ამასთან დაკავშირებით. ცდილობენ, რომ საზოგადოებას ეს ცრუ ინფორმაციები მიაწოდონ, თუმცა ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ არ მივცეთ ამის შესაძლებლობა ამ კონკრეტულ ტელევიზიებს. გუშინ „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“ იყო მთავარი, ვინც ამ სიცრუეს ტირაჟირებდა და საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მუხიანში დედაქალაქის მერიამ საბავშვო ატრაქციონები დააყენა არასწორად.
უკუღმა დააყენეს საბავშვო ატრაქციონებიო და მიდიოდა სიცილ-კისკისი, თურმე ჩვენ რა უუნაროები ვართ, რომ არ შეგვიძლია საბავშვო ატრაქციონების სწორად დაყენება. არ ვიცი, ასეთი დაბალი დონის ადამიანებისთვის თუ საერთოდ ღირს პასუხის გაცემა, მაგრამ საზოგადოების იმ ჯანსაღ ნაწილისთვის, ვისაც უხარია ქვეყნის განვითარება, დედაქალაქის წინსვლა, აღმშენებლობა და ის პროექტები, რომელიც ხორციელდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის გავაკეთებთ განმარტებებს იმიტომ, რომ იმათ არაფერი არ ეშველებათ ისეთ მძიმე მდგომარეობაში არიან, არ ვიცი, ფსკერზე ქვემოთ არიან ჩასულები და ეს მათი უფლებაა, როგორ უნდა იყვნენ და როგორ უნდა გააგრძელონ თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობა. თქვენი უფლებაა მეგობრებო, არავინ არ გზღუდავთ მაგაში, თავისუფლები ხართ, ქვეყანაში დემოკრატია გვაქვს, თუმცა სიცრუის უფლებას არ მოგცემთ და ყოველთვის ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ხდება მიზანმიმართული „ფეიკ ნიუსების“ გავრცელება, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა ბოროტ ადამიანებს და ვიცით თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და როგორი დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მიმართ ზოგადად და როგორი დამოკიდებულება აქვთ დედაქალაქის მიმართ“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.