LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილო პოდოლიაკი: „იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? ჩემთვის ცალსახაა, რომ არა“

188
მიხაილო პოდოლიაკი

„საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციები მეტყველებს, რომ მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა პრორუსული პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკით დაინტერესებული არაა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

ლიეტუვური გამოცემის, „დელფის“ ჟურნალისტის კითხვაზე, „პუტინმა 2024 წელს სირია დაკარგა, მაგრამ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საქართველო შეიძინა“, პოდოლიაკმა უპასუხა, რომ ეს „რთული კითხვაა“:

„ჩემთვის გამოცანად რჩება, როგორ შეიძლება 2008 წლის სამარცხვინო ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა აბსოლუტურად ზუსტად აჩვენა საქართველოსადმი თავისი რეალური დამოკიდებულება… პრინციპში, სიმართლე გითხრათ…

რუსეთს ყოველთვის ეზიზღება ქვეყნები, ქვეყნები, რომლებიც სუვერენულები არიან და ყოველთვის ეცდება მათ ტოტალურ კონტროლს იმ ინსტრუმენტებით, რომელთა დემონსტრირებასაც ახდენს საქართველოში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

პოდოლიაკმა ინსტრუმენტებს შორის ჩამოთვალა:

  • „სრულიად პრომოსკოვური პოზიცია;
  • მაქსიმალურად სასტიკი დამოკიდებულება ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობებთან, პარტიებთან;
  • შესაბამისად ხელისუფლების მონოპოლიზაცია;
  • მოქალაქეებისთვის თავისუფლებებისა და უფლებების ჩამორთმევა“.

„ამ ყველაფერს ვხედავთ. გამოუვა თუ არა ეს რუსეთს? არა. უხეშად რომ ვთქვა, ეჭვი მეპარება“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა და თქვა, რომ საქართველოში „ერთადერთი პრობლემა“ არის ის, რომ იგი „უბრალოდ შიშით უყურებს იმას, რაც უკრაინაში ხდება“.

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს და კიდევ 16 პირს სანქციები დაუწესა – კიდევ ვინ არიან სიაში

„მას ესმის, რომ თუ რუსეთი დამარცხებულ მხარედ არ ჩაითვლება – და დასაწყისში [ინტერვიუს] უკვე განვიხილეთ, რომ დღემდე არსებობს კონცეფცია, რომ შეიძლება დაიწყო მშვიდობიანი მოლაპარაკებები რუსეთთან, რაც უზრუნველყოფს რუსეთის „არწაგებას“…

საქართველოს ქვეცნობიერად ყველაზე მეტად ეშინია, რომ თუ რუსეთი არ წააგებს ამ ომს, და თუ საქართველოში გაიმარჯვებენ ალტერნატიული პოლიტიკური მოძრაობები, ის იმავე ომის დაწყებას საქართველოში შეძლებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

„დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

როგორც მანვე აღნიშნა, მისთვის ეს გასაგებია: „ჩემთვის ეს მოტივაცია გასაგებია. თუმცა წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ – თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა საკმაოდ დიდია – ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური, უბრალოდ აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“, პრორუსული პარტია“.

„იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა, ჩემთვის ესეც ცალსახაა“. – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

magti 5g