LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხარია, რომ 12 დეკემბრის კონცერტზე ჩვენი უსაყვარლესი და უახლოესი ადამიანი – ლელა წურწუმიაც ჩვენთან ერთად იქნება და ერთად შევასრულებთ ახალ სიმღერას” – „არტ-FM“

43
ლელა-წურწუმია,-დუეტი-ჯორჯია

28 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს  ლელა წურწუმია და დუეტ „ჯორჯიას“ წევრები მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც 12 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს და ორი ახალი სიმღერა „დროა“ და „ნოქტიურნი“ წარადგინეს.

 

ლელა წურწუმია, დუეტი „ჯორჯია“ – „დროა“

 

 „დროა“

(ლელა წურწუმია) რატი დიდი ხნის წინ შემპირდა სიმღერას, უამრავი კომპოზიცია მომასმენინა რამდენიმე წლის მანძილზე, მაგრამ ასე ძალიან არცერთი არ მომწონებია. ალბათ, ყველაფერს თავის დრო აქვს, რადგან სწორედ ამ სიმღერით შედგა ჩვენი დუეტი. მართალია, მანამდეც გვიმღერია ერთად, ჩემს კონცერტზე შევასრულეთ ცნობილი კომპოზიცია „დამიბრუნე შენი სიყვარული“, მაგრამ სრულფასოვანი დუეტი მაინც პირველად შედგა. რა თქმა უნდა, რატის მუსიკალურობა და ნიჭიერება არავის უკვირს, რადგან ბატონი ვაჟას შვილია და შეუძლებელია გენეტიკის მოტყუება, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ მისი სიმღერები „ჯორჯიას“ რეპერტუარშიც ბევრია. „დროა“ ერთი მოსმენით მომეწონა, არ ვიცი, ინტუიციაა თუ გამოცდილება, მაგრამ ყოველთვის უცებ ვხვდები რა ბედი ელის სიმღერას. ვფიქრობ, ჩვენი ახალი ნამუშევარი სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას, რადგან ძალიან ლამაზი, მსუბუქი და მელოდიური კომპოზიციაა. სიმღერის პრემიერა 12 დეკემბერს შედგება კონცერტზე, რომელიც დუეტ ‘’ჯორჯიას’’ 15 წლის იუბილეს მიეძღვნება.

(რატი დურგლიშვილი) ლელას მართლაც წლების წინ შევპირდი სოლო სიმღერის შექმნას, ამიტომ ეს ნამუშევარი არ ითვლება. ვეცდები ახლო მომავალში შევასრულო დანაპირები და საუკეთესო სიმღერა ვაჩუქო, რადგან უძვირფასესი ადამიანია ჩემთვის. მართალია, არ ვარ პროფესიონალი კომპოზიტორი, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები შევქმნა კომპოზიცია, რომელიც მხოლოდ მისი იქნება. ძალიან კარგად ვიცნობ ლელას, ზუსტად ვიცი როგორი ადამიანი და სულის პატრონია, ამიტომ სიმღერაც ზუსტად უნდა მოერგოს, რადგან სინამდვილეში სიმღერა – ჩვენი ცხოვრების პატარა ისტორიაა. ყოველთვის, როცა ინსტრუმენტთან ვჯდები, პირველ რიგში ლელაზე და მისთვის მიცემულ პირობაზე ვფიქრობ, ამიტომ ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ ასე გავაჭიანურე მისთვის სიმღერის შექმნა.

(მაკა ზამბახიძე) რატი ყოველთვის გაურბის საკუთარ სიმღერებზე საუბარს, ამიტომ მე მიწევს ლაპარაკი. პირველად მისი დაწერილი სიმღერა იურმალას ‘’ახალი ტალღის’’ ფესტივალზე გაჟღერდა და ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მართლა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმ სიმღერაზე, ამიტომ ძალიან გაგვიხარდა, რომ შრომა დაგვიფასდა.

(ლელა წურწუმია) სხვათა შორის, სიმღერა, რომელიც მესამე – „თავისუფალი თემის“ ტურში შესრულდა, განსაკუთრებით იგორ კრუტოიმ შეიყვარა, მეტიც, თვითონვე აღიარა, „ამაზე უკეთესს მე ვერ დავწერდიო“, რაც ვფიქრობ, საუკეთესო შეფასებაა.

(მაკა ზამბახიძე) ახალი სიმღერის არანჟირებაზე ბორიკო შხიანმა იზრუნა. ბათუმში ვიყავით, ლელას კონცერტზე, იქ მოვასმენინეთ მამულიჩას, რომელსაც ძალიან მოეწონა და სწორედ მაშინ გადაწყდა სიმღერის კოლექტიურად ჩაწერა. მიხარია, რომ 12 დეკემბრის კონცერტზე ჩვენი უსაყვარლესი და უახლოესი ადამიანი – ლელა წურწუმიაც ჩვენთან ერთად იქნება და ერთად შევასრულებთ ახალ სიმღერას.

 

 „ნოქტიურნი“ 

– (მაკა ზამბახიძე) ამ სიმღერის ავტორი გენიალური კომპოზიტორი არნო ბაბაჯაიანია, სწორედ მისმა შვილმა მოგვცა მისი კონკურსზე შესრულების უფლება. თავიდან სიმღერას რუსულად ვასრულებდით, მერე კი, ქართულად თარგმნა გადავწყვიტეთ. ბევრი ვიკამათეთ, რადგან არ ვიცოდით რამდენად მოუხდებოდა ქართული ტექსტი, თუმცა ირინა სანიკიძემ ისეთი ტექსტი დაწერა, გული ამიჩუყდა და ცხარე ცრემლით ვიტირე მანქანაში. ვფიქრობ, სიმღერა ყველას მოეწონება, ვისაც ერთხელ მაინც ჰყვარებია. კომპოზიცია უკვე შესრულდა „ღამის შოუში“ და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

 საიუბილეო კონცერტი

(ლელა წურწუმია) სამი სოლო კონცერტი მოვაწყვე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ამიტომ კარგად ვიცი, რამდენად საშიში და პრეტენზიული დარბაზია, ყველა დეტალი ბრწყინვალედ ჩანს და მაყურებელიც პრაქტიკულად გამადიდებელი შუშით გაკვირდება. ზოგადად, ფილარმონიაში გამართული კონცერტი უფრო საიმიჯოა, ვიდრე კომერციული, რადგან არტისტი ყოველთვის წაგებულია, თუმცა ერთგვარ ანგარიშს აბარებს თაყვანისმცემელს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღირსია იყოს მუსიკოსი და აკეთოს ის საქმე, რომელიც ძალიან უყვარს. ვფიქრობ, დუეტი„ჯორჯია“, რომელიც 15-წლიან ისტორიას ითვლის, მართლაც იმსახურებს ასეთ სცენაზე საღამოს მოწყობას, რადგან მსგავსი დუეტი თანამედროვე ქართულ ესტრადაზე ნამდვილად არ არის, მეტიც, სწორედ მათ ჩამოიტანეს იურმალას საერთაშორისო ფესტივალიდან გრან-პრი. დარწმუნებული ვარ, 12 დეკემბერს საოცარი კონცერტი მოეწყობა, რომელიც დიდხანს ემახსოვრება პუბლიკას. მიხარია, რომ ბოლო დროს ისევ გააქტიურდნენ მუსიკოსები და ისევ ინტენსიურად ეწყობა ცოცხალი კონცერტები.

(რატი დურგლიშვილი) არ მინდა კონცერტის ვიზუალურ მხარეზე წინასწარ საუბარი, მირჩევნია სიურპრიზად დავტოვოთ და ვნახოთ როგორ მიიღებს მაყურებელი. მე და მაკამ თავიდანვე გავინაწილეთ ვალდებულებები, მაკა მენეჯმენტზე აგებს პასუხს, მე კი, ვიზუალურ მხარეზე. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს რძალს – თაკო კიკაძეს, რომელიც ყოველთვის გვეხმარებოდა და ახლაც მხარში გვიდგას.

(მაკა ზამბახიძე) პირველი სოლო კონცერტია და რა თქმა უნდა, უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ყველაფერზე ერთდროულად გვიწევს ფიქრი და ყველა წვრილმანზე ვნერვიულობთ. ძალიან ვღელავ, რადგან დეკორაცია და სცენის მოწყობა რატიმ აიღო საკუთარ თავზე, ვიცი, რომ დიდ დროსა და ენერგიას დახარჯავს, ამიტომ მეშინია, ვღელავ რამდენად შეძლებს კონცერტისთვის რესურსის შენარჩუნებას. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ კონცერტში ჩვენს ბენდთან ერთად სიმფონიური ორკესტრიც მიიღებს მონაწილეობას ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. ჩემს ჩაცმულობაზე ლელამ იზრუნა, რომელმაც უძვირფასესი – ელი სააბის ქსოვილი მაჩუქა კაბის შესაკერად, მერე კი, მეც და რატისაც დიეტის დაცვა გვაიძულა, რათა კონცერტისთვის საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები