LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე მუზეუმების წარმომადგენლებს შეხვდა

70

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები – გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება.

17 მაისს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებსაც სიგელები და საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაზე შედგა სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნის „მუზეუმის გიდების სახელმძღვანელო“ პრეზენტაცია. მიხეილ გიორგაძემ მუზეუმის თანამშრომლებს ინფორმაცია მიაწოდა სამუზეუმო ფასეულობათა ელექტრონული აღრიცხვის პროგრამის შესახებ, რომელზე მუშაობაც 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წლის ივნისში დასრულდება. ღონისძიებაზე სტუმრები მუზეუმებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნენ. მიხეილ გიორგაძემ იმ ღონისძიებების ნუსხაც გააჟღერა, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა (დასწრება თავისუფალია). დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია – ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.
18 მაისს, საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება!

მუზეუმების საერთაშორისო დღე – დაფუძნდა 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება უკვე 39 წელია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. 2016 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები და კულტურული ლანდშაფტები“, რომელიც შერჩეულია ICOM-ის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით. თემის აქტუალობა განპირობებულია ეკოლოგიური პრობლემების არსებობით, რომელსაც განიცდის პლანეტა თანამედროვე ეპოქაში.

აქცია „ღამე მუზეუმში“ – საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g