ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჰა კიმ ნგკომ.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა სქართველოს მზარდი დაინტერესება აზიის რეგიონთან თანამშრომლობის მიმართ და ამ მხრივ ხაზი გაუსვა ვიეტნამთან სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციისა და გაღრმავების მნიშვნელობას.
მიხელ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, ქვეყანაში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. ვიეტნამის მხარე გაეცნო მთავრობის რეფორმირების პრიორიტეტებს განათლების, ინფრასტრუქტურის, კარგი მმართველობის სფეროში.
ვიეტნამის მხრიდან გამოიხატა დაინტერესება ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლების მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას. მათ შორის ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა დაინტერესება უმასპინძლოს საქართველოს ბიზნეს დელეგაციას. მან მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ქართველ ხალხს ვიეტნამის მხარდაჭერისთვის და მიულოცა ქართულ მხარეს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი.
მიხეილ ჯანელიძემ ვიეტნამის მხარე საქართველოს მიღწევების ადგილზე გაცნობის მიზნით ვიზიტით თბილისში მოიწვია. ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას.