ევროკავშირთან დაახლოების დადებითი მხარეები საქართველოს ეკონომიკაში არ შეინიშნება. ამის შესახებ “ფორტუნას” საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის პროფესორმა, მიხეილ ჯიბუტმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ წარმატებაზე საუბარი შესაძლებელია, თუმცა ეკონომიკური ნაწილი ასოცირების დღის წესრიგს ჩამორჩება.
პროფესორის განმარტებით, ხელშეკრულებაში მოცემულია ზღვრული თარიღები, მაგალითად, კანონების ჰარმონიზებაში , სოციალური საკითხების მოწესრიგებაში, შრომითი ურთიერთობებისა და ფინანსური ბაზრის სრულყოფაში , თუმცა კონცენტრაცია ხდება პოლიტიკურ საკითხებზე და ეკონომიკური მოთხოვნები მეორე პლანზეა გადასული.
”ეს უკვე აისახა იმაზე, რომ ასოცირების ერთი წლის თავზე, ევროკავშირთან დაახლოების დადებითი მომენტი ჩვენს ეკონომიკაში არ შეინიშნება. პირიქით, ამ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პირობებში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა კიდეც”, – განაცხადა ჯიბუტმა.
ეკონომისტთა ასოციაციის პორფესორი, ამას ”კარგი მმართველოობის” დეფიციტს უკავშირებს. მისი განმარტებით, ხელისფლებას არ აქვს გაწერილი გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს მაგალითად ერთ წელიწადში.
”ის , რაც მოცემულია 8-წლიან გეგმაში, ხელისუფლებას გადადებული აქვს 8 წლის ბოლოსთვის. თუმცა, ეს 8 წელიწადი არის ზღვრული სიდიდე და ჩნდება კითხვა, რატომ არ აკეთებს ამას მთავრობა მაგალითად წელიწად-ნახევარში. ეკონომიკის ყველა მიმართულებით, არც ერთი ზღვრული სიდიდე დროში გადმოტანილი და შიდა სამუშაო დოკუმენტებში გაწერილი არ არის. არის მხოლოდ ის , რაც ევროპას აინტერესებს ჩვენთან და თვითონვე აქვს გაწერილი ”, – განაცხადა ჯიბუტმა.
მისივე თქმით, გარდა აღნიშნული საკითხებისა, ევროკავშირთან ასოცირების ნაწილში მთავრობის საზოგადოებასთან კომუნიკაცია ნულოვან ნიშნულზეა. როგორც პროფესორმა განამრტა, ხელისფლებას ევალება საზოგადოება ჩართოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ინფორმირების ნაწილში, თუმცა ეს მუხლი არ სრულდება.