LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იმოქმედებს არჩევნების შედეგები ეკონომიკაზე?

93

არჩევნები დასრულებულია. მთავარი პოლიტიკური ძალა არ შეცვლილა, თუმცა პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.

რა შედეგებს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას 8 ოქტომბრის არჩევნები და არის თუ არა რაიმე ცვლილებები ან საფრთხე მოსალოდნელი, ამ კითხვებით ”ფორტუნა” ეკონომიკის ექსპერტებს დაუკავშირდა.

ექსპერტ სოსო არჩვაძის განცხადებით, გაურკვევლობამ არჩევნებამდე, ლარის კურსის ცვლილება გამოიწვია, თუმცა არჩევნების შემდეგ, რადგან უკვე ყველაფერი გარკვეულია, პოლიტიკური სპეკულაციებით ლარის კურსის გაუფასურება მოსალოდნელი არ არის.

არჩვაძე ქვეყანაში ბიზნესის აქტიურობასა და მეტ ინვესტიციებს ელოდება.

”პოლიტიკა დიდწილად დამოკიდებულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში, ის უფრო აქტიურ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს ახლა საქმე.

როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადია, მაშინ, საზოგადოებრივი მოლოდინიც პროგნოზირებადია, რაც უსაფრთხოების ბალიშის შექმნის საჭიროებას არ აჩენს. შესაბამისად, ვფიქრობ, ბიზნესი მეტად გააქტიურდება და იმედი მაქვს, მეტი ინვესტიცია განხორციელდება

რაც შეეხება ლარს, წინასაარჩევნოდ, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიუხედავად კურსი მაღალ ნიშნულზე მაინც ვერ შენარჩუნდა. ეს გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ფაქტორის გავლენაა, რასაც გაურკვევლობა განაპირობებს. ახლა როცა ყველაფერი გარკვეულია, დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები და მოულოდნელობა ლარის კურსში დისონანსს აღარ შემოიტანს”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

“ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტის პაატა შეშელიძის განცხადებით, არსებითი ცვლილებები ეკონომიკის მიმართულებით არ არის მოსალოდნელი, რაც ბიზნესისთვის კარგია.

”გაიმარჯვა იმ ორგანიზაციამ, რომელიც აქამდე მართავდა, ამიტომ არსებითი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. ეს თავისთავად არ ნიშნავს, იმას, რომ პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი, მაგრამ მათი პოზიცია და მიდგომები ცხადია, პროგრამა და კადრები ვიცით, სიახლეებს არ ველოდები და ვერ ვხედავ.

ოღონდ ერთი ნიუანსია, ჩვენ უნდა შევაფასოთ ბოლოდროინდელი ”ქართული ოცნება” და არა 2012 წლის არჩევნები რომ მოიგო ის „ოცნება“. ბოლო დროის „ოცნება“ რასაც აკეთებდა, იმას გააგრძელებს.  ბოლო დროის „ოცნება“ ბევრად უკეთესია, წინანდელთან შედარებით, თუმცა ის, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა ხარვეზებზე მივუთითო”, –  განაცხადა შეშელიძემ.

დემურ გიორხელიძის თქმით კი ჯერჯერობით, ეკონომიკურ პროცესებზე საუბარი ნაადრევია.

”ბევრი რამ გაურკვეველია და საჭიროა სიტუაციის დალაგება. ერთი თვის განმავლობაში მთავრობის ფორმირებას უნდა დაველოდოთ. ამის შემდეგ შეიძლება რაიმე შეფასების გაკეთება. არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა უსაშინლეს მდგომარეობაშია. წონასწორობა არ არსებობს, ამიტომ საფრთხეები პოლიტიკური კრიზისისა რეალურია. ეკონომიკაზე საუბარი, როცა გაურკვევლობის ხარისხი მაღალია, რთულია”, – განაცხადა გიოხრელიძემ ”ფორტუნასთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები