საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მისწერა წერილი, რომელშიც კონფლიქტის დეესკალაციისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ტელეარხ ZIK-ის ეთერში განაცხადა.
სააკაშვილი ამბობს, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გადასცა.
“მე ვუთხარი მას – „არასწორი ბრალდებები წამიყენეს. თქვენ კარგად იცით, როგორი შეურაცხმყოფელია ჩემთვის რუსეთის აგენტობაში ბრალდება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, პოროშენკოსთან პირადი კონფლიქტი მას არ აქვს და არანაირი მიუღებლობა პრეზიდენტის მიმართ არ გააჩნია.
„მე მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში პრეზიდენტი მზად იქნება შეხვედრისთვის, მაგრამ მე ვუპასუხე: „არა, ასე არ გამოვა. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც სადმე უკანა კარიდან შევა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს წერილი მისწერა და შერიგება სთხოვა. გუშინ, კიევში, მიტინგის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ პოროშენკოს ”ახლა უფრო მეტად შეუტევს”.