გუშინ, 27 იანვარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში მდებარე პოლიტიკურ ბარ “პარლამენტში” ახალგაზრდებს შეხვდა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში დაბრუნება მისი დიდი გეგმაა, რომელსაც მაშინ განახორციელებს, როდესაც ეცოდინება, რომ ამით სიტუაცია არ გაუარესდება.
“საქართველოში დაბრუნება არის ჩემი დიდი გეგმა, მაგრამ იყო მომენტები, როცა ეს გამოიწვევდა სისხლისღვრას, შიდა აშლილობას, რუსეთის რეაქციას. როცა გადაწყვეტთ, რომ საჭირო ვარ და ეს გამოიწვევს არა სიტუაციის გაუარესებას, არამედ გაუმჯობესებას, არ ვუფრხილდები ჩემს სიცოცხლეს, ნებისმიერ რისკს ავიღებ თავზე. მე ვარ ერთ-ერთი თქვენთაგანი, თქვენი მხარდამჭერი, მწვრთნელი. სააკაშვილის ერთპიროვნულ მმართველობას აღარ დავუშვებთო… გთავაზობთ ერთპიროვნულ მმართველობას?.. მოვედი სადმე?.. ჩამოვედი უკვე?.. ჩამოვჯექი?.. რამეს მოვაჯექი ერთპიროვნულად?.. 8 წელია საქართველოში აღარ ვარ, რა დროს სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობაა? მე მივესალმები ახალ სახეებს” – აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილმა ახალგაზრდებთან გუბაზ სანიკიძესთან ალიანსზეც ისაუბრა.
“ვინმე წარმოიდგენდა, რომ მე და გუბაზ სანიკიძე ერთად დავსხებოდით? რეებს მეძახდა და მეც არ დამიკლია… მაგრამ, გუბაზზე მეტად საინტერესო ის იყო, რომ მისი შვილი იჯდა აქ ჩემთან მაგიდასთან, რომელიც თურმე დიდი ხანია ჩემი მხარდამჭერია და ამის გამო მამასთან კონფლიქტიც კი ჰქონდა. ძალიან მომეწონა ეს ახალგაზრდა, ლევან სანიკიძე. ლიდერების შემდგომ უნდა იყვნენ ახალგაზრდები. არაფერი ისე არ იმარჯვებს, როგორც თავდადება და თავგანწირვა. ხალხი მხოლოდ ასეთ ადამიანებს მიყვება – თავდადებულებს. როცა შეგიძლია, რომ უკანმოუხედავად წახვიდე წინ შეტევაზე და არ შეგეშინდეს. ჩვენი ლიდერების პრობლემა რა არის? – თავგანწირვა არ აწერიათ სახეზე.
20 ივნისს ახალგაზრდებმა იბრძოლეს თავგანწირულად.. და ესაა ლიდერობა სწორედ.. გაბედე!.. აი, გაბედე მაგარი ტერმინია” – ამბობს სააკაშვილი.
მან 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიც გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ პოლიციამ ნოემბრის აქციის დაშლისას ძალას გადაამეტა.
“2007 წლის ნომბერში, როცა პოლიციამ აქცია დაშალა, ზედმეტი ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. მაგრამ მე გადავდექი.
დაშლა იყო 7 ნოემბერსაც და 20 ივნისსაც. 20 ივნისის მიტინგის დამშლელი გახარია დანიშნეს პრემიერად, მე გადავდექი და საქართველოს მოსახლეობას ვკითხე, რა მექნა. 2012 წელს მქონდა შეგრძნება რომ ვაგებდით, მაგრამ არ შემიჩერებია საარჩევნო პროცესი, არ გამიგდია ივანიშვილი ქვეყნიდან, ეგზიტპოლების შედეგები ვაღიარე ათ წუთში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.