„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს კლინიკაში გონება დაკარგა. მისივე თქმით, „ეს სიგნალი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი“.
ის ასევე განმარტავს, რომ გონების დაკარგვის მიზეზის დასადგენად, ხვალ დილით მიხეილ სააკაშვილს დიაგნოსტიკური გამოკვლევა ჩაუტარდება.
„ჩემ შესვლამდე, სულ რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ სააკაშვილს გონების დაკარგვა ჰქონდა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. გონების დაკარგვა არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას“, – აღნიშნა ხერხეულიძემ.
ეკა ხერხეულიძე მაიკლ მაკფოლის განცხადებასაც ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება“.
მაიკლ მაკფოლი: ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ სააკაშვილის შეწყალებისკენ
ხერხეულიძის თქმით, მაკფოლი არის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უშუალო წარმომადგენელი რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებთან მიმართებით და „მისი განცხადება ხაზგასმით ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორ შეაფასებენ ამას. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მაკფოლი გახლავთ ბაიდენის ადმინისტრაციის უშუალო წარმომადგენელი რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებთან მიმართებით. მისი განცხადება ხაზგასმით ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ჩვენი ქვეყნის მტრებს ეგონათ, რომ დემოკრატიული სამყარო მიატოვებდა მიხეილ სააკაშვილს და ისინი უნდა გავაწბილოთ. ისინი, ალბათ, მომსწრე იყვნენ გუშინ მსოფლიოს გარშემო ჩატარებული აქციის – ასევე, ნახეს დღევანდელი გამოხმაურება „ვაშინგტონ პოსტში“ მაკფოლის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს იქნება უწყვეტი რეაგირება დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილისგან. ეს მოლოდინი ჩვენი ქვეყნის ყველა კეთილმოსურნეს უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.