„სამწუხაროდ, კონკურენცია თავისთავად ვერ უზრუნველყოფდა, სამართლიანი ფასების შენარჩუნებას. სექტორს მუდმივად სჭირდება თვალყურის დევნება და ამის დასტურია, კონკურენციის სააგენტოს ბოლო წლებში განხორციელებული რამდენიმე მოკვლევა, სადაც გამოვლინდა, საკმაოდ მწვავე პრობლემები, დაწყებული არაკეთილსინდისიერი მარკეტინგით და დამთავრებული არასწორი საფასო პოლიტიკით. ამ ყველაფერს პერმანენტული დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, რათა მოხდეს პრევენცია კარტელური გარიგებებისა თუ პოლიფარმაციასთან დაკავშირებული საკითხების“, – განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიფარმაცია გლობალური, მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა. წამლის მწარმოებლები, იმპორტიორები თუ დისტრიბუტორები კი შესაძლოა სხვადასხვა ხერხებს მიმართავდნენ პრეპარატების რეალიზაციისთვის.
„გამოიყენება მექანიზმები, როგორიცაა მედიკამენტების შედეგებთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა, არასაჭირო რაოდენობის წამლის გამოწერა და ა.შ.
ამას სჭირდება არა უბრალოდ ეთიკის ამარა დატოვება, არამედ სამართლებრივი ჩარჩო და სამართლებრივი შეზღუდვები, რომლებიც მაქსიმალურად დააზღვევს პაციენტს ჭარბი, არასაჭირო, ზედმეტი, ხშირ შემთხვევაში მავნებელი რაოდენობით მედიკამენტების დანიშვნისგან. ბუნებრივია, რომ ასეთ კომერციულ ინტერეს, რომელიც შეუთავსებელ კონფლიქტში ექცევა პაციენტების ინტერესთან გასაქანი არ უნდა მიეცეს. აღნიშნულს პერმანენტულად ვაკვირდებით და რელევანტურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ“ , – განაცხადა მინისტრმა.
