LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხეილ თუმანიშვილმა მე საცხოვრებლად სახლი დამითმო… ერთი ოჯახი ვიყავით“ – დარეჯან ხაჩიძე

32
დარეჯან-ხაჩიძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, დარეჯან ხაჩიძე, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“, გიორგი შენგელაიას მუსიკალურ კომედიაში დარეჯან ხაჩიძე მთავარ პერსონაჟს – მაყვალას განასახიერებს.

გავიხსენოთ ბავშვობა და თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდი…

დავიბადე და გავიზარდე რუსთავში. ძალიან ბევრი დედმამიშვილი მყავს, მაგრამ მე ბავშვობაში განსაკუთრებულად ცელქი ბავშვი ვიყავი. პირველობა მიყვარდა და ძალიან შეუპოვარი გახლდით. არ ვიცოდი, სად უნდა ჩამებარებინა. გაზეთი „კომუნისტი“ ვნახე, ეწერა, რომ თეატრალური ინსტიტუტი მიღებას იწყებდა, არ იყო საჭირო მათემატიკის ჩაბარება. ისე ჩავაბარე, რომ მშობლებმა არ იცოდნენ.

გაიხსენეთ თქვენი პირველი როლი…

პირველი როლი იყო ქერუბინო, „ფიგაროს ქორწინებაში“. ბიჭის როლი მქონდა. როცა მესამე კურსზე ვიყავი, მიხეილ თუმანიშვილი ბუფეტში ყოფნისას ჩემთან მოვიდა და მკითხა, ახალ თეატრს ვხსნი და წამოხვალო? როგორც ჩემს მშობლებს ვახსენებ ხოლმე, ისე ვახსენებ ბატონ მიშას და ქალბატონ ლეილას. მან მე საცხოვრებლად სახლი დამითმო. იცოდა, რომ რუსთავიდან დავდიოდი და ვწვალობდი. სხვანაირი დამოკიდებულება იყო თეატრში, ერთი ოჯახი ვიყავით.

ყველაზე დიდი წარმატება თქვენ მოგიტანათ გიორგი შენგელაიას ფილმმა „სიყვარული ყველას უნდა“

23 წლის ვიყავი, ალბათ ჩემი „ესმერალდა“ ჰქონდა ნანახი და ამ როლზე მაშინვე ამიყვანა. ისეთი საინტერესო იყო გადაღებების პროცესი – შუა კახეთი, შემოდგომა, იქაურობა სავსე იყო სიყვარულით. ჩვენი იქ ყოფნა თავად სოფლის მაცხოვრებლებისთვისაც ზეიმი იყო. მინდა ვთქვა, რომ მეუღლე ხელს ძალიან მიწყობდა, ბავშვს იტოვებდა ხოლმე. ჩემმა ქალიშვილმა, ანა-მარიამაც თეატრალური დაასრულა. ჩემთანაა ახლა, თამაშობს ხოლმე სპექტაკლებში, თუმცა მე არაფერ შუაში ვარ,  გამოცდების დროს ოპერასთან მანქანაში ვიჯექი, რომ სხვებს არ დავენახე.

ახლა „ჩემი ცოლის დაქალებზე“ გვესაუბრეთ

ჩემი პერსონაჟი უცბად შეიქმნა. მინდა ვთქვა, რომ მე არ ვარ წყნარი, მე ვარ ხულიგანი და მინდა, რომ რეჟისორებმა ამის გამოხატვის საშუალება მომცენ. მე ახლა ვიწყებ ყველაფერს, ყველაფერი მიწყობს ხელს. მე არ მინდა დიდი როლები, მინდა პატარა და საინტერესო. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე სპექტაკლს დავესწარი და ჩემი აზრით, ცოტა პრობლემა გვაქვს რეჟისორებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები