საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა.
ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.
ნათია თურნავა 2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.
ნათია თურნავა პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI). იყო თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი.
ნათია თურნავას, წლების განმავლობაში, მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი მინისტრის პირველი მოადგილე. იგი ასევე გახლდათ სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.