ბრიტანელი მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი თავისი დაარსებული კომპანიის, Virgin Galactic-ის მიერ კვირას გამართულ პირველ, ტურისტულ სუბორბიტალურ ფრენაში მონაწილეობდა. კომპანიამ ფრენა რაკეტოპლანით შეასრულა. გაფრენა გრინვიჩის დროთ 17:30 საათზე დაიწყო და საერთო ჯამში, ერთ საათს გაგრძელდა.
ხომალდი Unity 22 ნიუ-მექსიკოში მდებარე აეროდრომ „ამერიკიდან“ აიჭრა ცაში და საერთო ჯამში, დედამიწის ზედაპირიდან 88 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია, ( აშშ-ში კოსმოსის საზღვრად 80 კილომეტრი ითვლება) ხოლო რამდენიმე წუთში დაშვება დაიწყო.
თავად რიჩარდ ბენსონის გარდა რაკეტოპლანში ასევე კილინ ბენეტი, ბეტ მოზესი და სირიშა ბანდლა იმყოფებოდნენ.
ბრენსონი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია თავისი კოსმოსური ტურიზმის გეგმით, რომლის განხორციელებასაც ის 2022 წლის ბოლოდან გეგმავს. იქამდე Virgin Galactic კიდევ ორ საცდელ ფრენას ჩაატარებს. თუ საცდელი ფრენები წარმატებული გამოდგება, ექსპერტები 2022 წლიდან კოსმოსური ტურიზმის განვითარების ეპოქის დაწყებას პროგნოზირებენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეძენას მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანები შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ სუბორბიტალურ ფრენამდე ცოტა ხნით ადრე რიჩარდ ბრენსონი მისმა მეგობარმა და კონკურენტმა, ილონ მასკმა მოინახულა. მასკის კომპანია SpaceX -მა თავისი პირველი ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2020 წლის მაისში გაუშვა, რითაც დაასრულა რუსეთზე NASA-ს დამოკიდებულება ასტრონავტების ტრანსპორტირების საქმეში.