LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მილიონობით ნახვა და მოსმენა აქვს… ამ სიმღერამ განაპირობა ჯგუფის პოპულარობა“ – „რეზო და ბავშვების“ სიმღერის პრემიერა და ალბომის სამზადისი

133
რეზო-და-ბავშვები

გადაცემას, „უსმინე ახალს“’ ჯგუფის – „რეზო და ბავშვები“ წევრები, რეზო ბლიაძე და ლევან (ლელო) ხოტივარი სტუმრობდნენ. არტისტებმა მომავალი ალბომი დააანონსეს და მისი შექმნისა და გამოშვების დეტალებზე ისაუბრეს. გადაცემაში ასევე შედგა დისკის ერთ-ერთი სიმღერის – „უნივერსიტეტის ბაღში“ პრემიერა.

გავრცელდა ხმები, რომ ახალ ალბომს გამოუშვებთ, რომელიც 11 სიმღერას გააერთიანებს…

რეზო: ძალიან ბევრი სიმღერა დაგვიგროვდა, რომელთა შორის არის ასევე ბევრი კარგი სიმღერაც. გვინდა, რომ ეს სიმღერები არ დაიკარგოს და აღიბეჭდოს ამ შემთხვევაში ციფრულად. მაშინ, როცა ადრე ფიქრობდნენ, რომ ალბომის გამოშვებას აზრი ჰქონდა, ისეთი პროცესები მიმდინარეობდა, ჩვენ მიგვაჩნდა არ იყო ამის აუცილებლობა. შემოვიდა „იუთუბ“ ქვეყანაში, დაიწყო ციფრული გაყიდვები და აქცენტი სწორედ ამაზე გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ სწორადაც მოვიქეცით. ამას მოჰყვა სიმღერა – „მეგობარო“, რომელსაც მილიონობით ნახვა და მოსმენა აქვს. ამ სიმღერამ განაპირობა ჯგუფის პოპულარობა. ახლა გვგონია, რომ დროა, ბენდის არქივიდან ამოვიღოთ ის სიმღერები, რომლებიც ადრე შეიქმნა, თუმცა დღის სინათლე აქამდე არ უნახავს. მინდა, რომ სიახლეები დიდი სიხშირით მივაწოდოთ ჩვენ გულშემატკივარს, მით უმეტეს, რომ გვაქვს ამის შესაძლებლობა.

ადრე, როცა ამ სიმღერებიდან რამდენიმე შეგვისრულებია კონცერტებზე, ცოტა გაუგებარი და არასტანდარტული იყო მსმენელისთვის ან ჩვენ ვერ ვაწვდიდით სწორად. წლების შემდეგ მოხდა ისე, რომ ნელ-ნელა მივედით იმ წერტილამდე, რომ ახლა ყველაზე კარგად გაგვიგებენ იმ სიმღერებს, რომელთაც ვაპირებთ, რომ ახალი სიცოცხლე შევძინოთ. ვფიქრობ, რომ მსგავსი ქართულენოვანი სათაურების სიმღერები ჩვენ ქვეყანაში არ გაჟღერებულა და ამით საინტერესოა, შესაბამისად იმსახურებს, რომ დარჩეს ეს სიმღერები ისტორიას. 11 სიმღერაა, რომელთაგან ერთია ბოლო ორ წელში, დანარჩენი კი, 12-13 წლის წინ შეიქმნა. დღეს ჩვენ გვაქვს რესურსი, დავწეროთ, ჩავწეროთ სიმღერა, გადავიღოთ მასზე კლიპი და მივიტანოთ მსმენელამდე. ამ რესურსს წლები და ძალიან დიდი შრომა დასჭირდა.

სიმღერების ტექნიკურ ნაწილზე პასუხისმგებლობა ლელომ აიღო…

ლელო: წლების წინ, როგორც აღინიშნა გაცილებით სხვანაირი რეალობა იყო, სხვანაირად იქმნებოდა სიმღერები. ჩვენ ამის არც ცოდნა და არც ტექნიკური რესურსი გვქონდა, თუმცა დავეთანხმები რეზოს, რომ ბევრი შრომით მოვედით აქამდე. ეს სიმღერები იმდენად ახლობელი და ნაცნობია ჩემთვის უმარტივესად გამომივიდა მათ ტექნიკურ მხარეზე მუშაობა.

არც ერთმა არტისტმა წინასწარ არ იცის, რომელი სიმღერა იქნება ჰიტი… ამიტომ, შევთანხმდით, რომ ძველი სიმღერების რესურსი ამოგვეწურა. არ გამოვრიცხავთ, რომ ამის გათვალისწინებით კიდევ ერთი ალბომი გამოვიდეს.

რეზო: ამ ალბომს, „დიდების ალბომი“ ერქმევა.

სიმღერების შექმნის პროცესზე მოგვიყევით…

რეზო: მე ვნახულობ ხოლმე სიზმრებს, (იღიმიან) რომელთაც ვუყვები ლელოს და ვეუბნები, რომ მათ მიხედვით გავაკეთოთ. შემდეგ კონკრეტული სიზმრის მიხედვით ვწერთ მუსიკას და ვთანხმდებით რამდენად ღირებულია.

როდის „დაიდროფება“ ალბომი?

მაქსიმუმ ერთ თვეში. ალბომი სოციალურია და ეხება სხვადასხვა თემას.

სიმღერის – „უნივერსიტეტის ბაღში“ შესახებ ვისაუბროთ, რომელსაც ვაპრემიერებთ…

სიმღერის სახელწოდება თავად ამბობს სათქმელს. ყველას ჰქონია ემოცია და მოგონება უნივერსიტეტის ბაღში. რომანტიკული, „ბრიტპოპ“ სიმღერაა, რომელშიც განსაკუთრებით თავის თავს იპოვიან ისინი, ვინც უკვე იყვნენ სტუდენტები.

კიდევ ერთი ამბავი გავრცელდა, რომ გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადებით…

ვემზადებით დიდი კონცერტისთვის, სადაც არნახულად დიდი რაოდენობის ადამიანს ექნება დასწრების საშუალება, დასწრება კი იქნება თავისუფალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები