„ქეშბექი“ არის მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ბაზარს, ფასდაკლებები აკეთოს“, – ამის შესახებ განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
მან კომისიის სხდომის შეჯამებისას, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობდა, აღნიშნა, რომ ურთიერთობები უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე, გასაგები და კონკურენცია უფრო გაჯანსაღდეს.
კომისიის თავმჯდომარე ემხრობა ლოგისტიკური ცენტრების შექმნის იდეას, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ წარმოებას.
„სამწუხაროდ, სხვადასხვა ტიპის ბაზარია და ჩვენი ბაზარი აწყობილია „ჰაი ლო“ მოდელზე, რომელიც არის მაღალი, დაბალი, მოდელი, ნიშნავს, რომ საბაზისო ფასი არის მაღალი, თუმცა ხშირ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ძალიან დიდი ფასდაკლებები და მომხმარებლის დიდი ნაწილი ამ ფასდაკლებების პროცესში არის ჩართული და 80% ფასდაკლების ფასში ყიდულობს აღნიშნულ პროდუქტებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისტემურად არის შესაძლებლობა, რომ ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ ისეთი, რომ ამ ჯაჭვში, რომელიც იწყება იმპორტიორი მწარმოებლიდან, დისტრიბუტორიდან და საცალო ქსელიდან, ურთიერთობები გავხადოთ უფრო გამჭვირვალე, გასაგები, კონკურენცია კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ და მიგვაჩნია, რომ არის შესაძლებლობები, ძალიან კარგი იდეები იყო, განსაკუთრებით მომეწონა ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მცირე მაღაზიების მეპატრონეებს, რომ მათ უფრო ეფექტურად მიიღონ პროდუქტი, რაც ლოგისტიკის ჯაჭვში მნიშვნელოვან ხარჯებს ამოაგდებს და ძალიან დაეხმარება ადგილობრივ წარმოებას, რადგან ადგილობრივ მწარმოებელს ზუსტად ეცოდინება, სად შეიძლება ჩააბაროს თავისი პროდუქტი და ქსელებისთვისაც კარგი იქნება…
ნამდვილად მიმაჩნია, რომ არის იმის შესაძლებლობა, გვქონდეს როგორც მოკლევადიანი გეგმა – პროდუქტებზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, კონკურენტული ფასები გვქონდეს, ხოლო გრძელვადიან პროცესში მიმაჩნია, რომ სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე გრძელვადიან პერიოდში“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
