2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ გაიზარდა და 533.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 11.0%-ით გაიზარდა და 1.296.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ქვეყნების მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აშშ-დან (17.5% – 93.5 მლნ აშშ დოლარი) განხორციელდა, შემდეგ მოდის ესპანეთი (13.5% – 72.1 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (13.1% – 70.0 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (10.6% – 56.7 მლნ აშშ დოლარი).
2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალმომარაგება-ნარჩენების მართვის, უძრავი ქონების, ტრანსპორტის, საფინანსო-სადაზღვევო და ინფორმაცია-კომუნიკაციის სექტორებში.
2025 წლის სამ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, სადაც ინვესტიციამ 317.2 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციის 24.5% შეადგინა. შემდეგ მოდის უძრავი ქონების სექტორი 165.1 მლნ აშშ დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 12.7%-ით. დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 144.5 მლნ აშშ დოლარით, 11.1%-ით და მას მოსდევს ტრანსპორტის სექტორი 143.1 მლნ აშშ დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 11.0%-ით.
საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას.
