LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის – კახა კალაძე

146
კახა კალაძე

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ პარლამენტთან და რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. თქვენ იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე.

ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება, პოზიცია ჰქონდეს, პოლიტიკური შეხედულება, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველანაირი ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში. გუშინ ყველამ ვნახეთ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე, ხდებოდა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფები, ქვების, ბოთლების სროლა და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. ამის ვიდეოკადრებიც არსებობს. დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც. არაერთი მოწოდების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც აქცია მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გასცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცავებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის“, – აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შსს-მ 63 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.

magti 5g