არგენტინის ნაკრების კაპიტნის, ლიონელ მესის მამა – 68 წლის ასაკში, ხორხე მესი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ქალაქ როსარიოს კლინიკაში გარდაიცვალა.
რამდენიმე საათის წინ ლეო მესის ემოციური წერილი გავრცელდა, რომელიც მამას მიუძღვნა.
„მამა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ აღარ ხარ. ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვეღარ გნახავ და დაგელაპარაკები. ვიცი, რომ იტანჯებოდი და ასე უკეთესია, მაგრამ ძალიან ადრე წახვედი. ერთად კიდევ ბევრი რამით უნდა გაგვეხარა.
ძალიან გინდოდა, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა. ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შენი მდგომარეობა გაუარესდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ტურნირზე ჩემთან ვერ იქნებოდი. დედამ მითხრა, რომ გამოჯანმრთელდებოდი და ჩამოსვლას შეძლებდი. გითხარი, რომ ფინალამდე მივიდოდით და მერე შენც ჩამოხვიდოდი.
ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ შენს შეტყობინებას ველოდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მდგომარეობა მართლაც სერიოზული იყო. არ შემიწყვეტია ფიქრი იმაზე, რომ რაც შეიძლება შორს უნდა გავსულიყავით, რომ დრო მომეგო და ერთი მატჩის მაინც ნახვა მოგესწრო. ფინალამდე მივედით, მაგრამ იქ ვერ იყავი.
მინდოდა, მომეგო და თასი შენთვის მომეტანა ვერ შევძელი. ვიბრძოლე, მაგრამ ჩემმა ფეხებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს… ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ წარმოდგენაც კი არ გაქვს, თითოეული მატჩით რამდენად ბედნიერები ვიყავით. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ მართალი იყავი, ნამდვილად უნდა მეთამაშა…
ამას იმიტომ გიყვები, რომ ეს იყო ერთადერთი რამ, რაზეც საუბარი ვეღარ მოვასწარით. დანარჩენი ყველაფერი ხომ უკვე იცოდი.
ვიცი, როგორ გაბედნიერებდა ჩემი თამაშის ყურება, სულ ჩემს გვერდით იყავი, არც ერთი მატჩი გამოგიტოვებია. ძალიან ცოტა გაკლდა. რატომ ვერ გაძელი კიდევ ცოტა, რომ ერთად დაგვესრულებინა?
არ ვიცი, შენს გარეშე როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას. შენ იყავი მამა და მეგობარი. ძალიან მომენატრები და ყოველთვის ჩემთან იქნები. განსაკუთრებით ჩემი შვილების აღზრდაში, რადგან მათ ისე ვზრდი, როგორც მე აღმზარდე.
მშვიდად განისვენე და ზეციდანაც ისე იზრუნე ჩვენზე, როგორც აქ, დედამიწაზე ყოფნის დროს ზრუნავდი.
მადლობა ყველაფრისთვის. მიყვარხარ, მამა. ❤️“, – წერს ლეო მესი.
წერილის თარგმანი: betsson.sport
ცნობისათვის, ხორხე მესიმ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თავისი ვაჟის პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. ის შვილს კარიერის საწყის ეტაპებზე მუდმივად თან ახლდა – „ნიუელს ოლდ ბოიზის“ აკადემიაში პირველი ნაბიჯებიდან ესპანეთში გადასვლასა და „ბარსელონაში“ ჩარიცხვამდე.
მრავალი წლის განმავლობაში ხორხე მესი მოედნის მიღმა ვაჟის მთავარ მრჩეველად და წარმომადგენლად რჩებოდა. ის იშვიათად ჩნდებოდა საჯარო სივრცეში და ჩრდილში დარჩენას ამჯობინებდა, თუმცა კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე ყოველთვის შვილის გვერდით იყო.
