ახმეტაში, მე-2 საჯარო სკოლის მე-12 ბ კლასის მოსწავლეებმა ბანკეტის გადახდაზე უარი თქვეს და შეგროვილი თანხით ქალაქში მდებარე ერთ-ერთი მშენებარე ტაძრისთვის ხატის შეწირვა გადაწყვიტეს.
მოსწავლეებს ბანკეტის თანხა უკვე შეგროვილი ჰქონდათ და მის გადახდას თელავის ერთ-ერთ რესტორანში აპირებდნენ, თუმცა გამოსაშვებ საღამოზე უარი თქვეს.
ახალგაზრდებმა წმინდა ბიძინა ჩოლოყაშვილის და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების სახელობის ტაძრისთვის, ხატმწერს ივერის ღვთისმშობლის სახელობის ხატი დააწერინეს.
ცოტა ხსნის წინ კლასის დამრიგებელმა, ნინო ჭიღიტაშვილმა საკუთარ ფეიბუქზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სადაც აღნიშნა, რომ ამ ამბის გასაჯაროვების შემდეგ, მოსწავლეები კრიტიკის ობიექტები გახდნენ.
“თავს ვიკავებდი კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ უნდა ვთქვა.
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხატის მიბარება ეკლესიისთვის, რომელიც მშენებარეა, ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა.
ეს იყო ჩემი იდეა, რომელიც მშობლების და ბავშვების გამოხმაურების და აქტიურობის მერე დაიწყო და ძალიან გთხოვთ, ჩემი ბავშვების მიმართ უარყოფითი და ნეგატიური კომენტარებისგან თავი შეიკავოთ. ჩვენ ხომ ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, რომ ასეთი განსჯის საგანი გამხდარიყო და არც ისეთი თანხა არ ყოფილა ,რომ ვინმესთვის ასეთი წარმოუდგენელი იყოს. ზოგიერთ ჟურნალისტს გონია რომ რამდენიმე ათასებთან გვაქვს საქმე ..
ყველაზე მეტად უარყოფითი კომენტარების ავტორი ახმეტელების მიკვირს.
ეს ხომ ის ტაძარია სადაც უნდა შევიდეთ და ის ხატი, რომელთანაც სანთლის დანთება და ლოცვა მოგვიწევთ…
“კორუმპირებულ ეკლესიას არ ჭირდება თქვენი დახმარებაო” – ასე გვითხრეს… არც დავხმარებივართ, ჩვენ ამ ფორმით წვლილი შევიტანეთ. ვიცით და ვხედავთ ყველაფერს, მაგრამ ჩემი სადამრიგებლო კლასისთვის ეკლესია არაა კორუმპირებული. თუ ვინმემ რამე ჩირქი მოსცხო, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე უარი უნდა ვთქვათ.
ეს ის კლასია, რომელთანაც მასწავლებლების დიდი ჩართულობით ბევრი ღონისძიება გატარდა მათი ზნეობრივი კულტურის და მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების ასამაღლებლად.
მინდოდა, რომ მათი სკოლის დამთავრებას ასე უკვალოდ და ასე ჩვეულებრივ არ ჩაევლო.
კი, შეიძლებოდა რომ სხვა ფორმითაც გამოგვეხატა, ამის გამოცდილებაც აქვთ, მაგრამ ეს ფორმა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ასე ჩავთვალეთ საჭიროდ.
გასაჯაროვდა არა “სახელის” გამო, არამედ იმის გამო ,რომ სხვებისთვისაც მისაბაძი ყოფილიყო.
სიკეთე მჯერა რომ გადამდებია”, – წერს ნინო ჭიღიტაშვილი.