პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების მისაღებად მთავრობის უფლებამოსილების გახანგრძლივების საკითხს განიხილავდნენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა “ლელოს” წარმომადგენელ ანა ნაცვლიშვილსა და მომხსენებელ ლადო კახაძეს შორის.
მას შემდეგ, რაც ლადო კახაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ:
“ეს ის მინისტრია, ჩვენ ვაქცინაციის პროგრამა რომ დავიწყეთ, პატარა გოგოს, ანგელოზივით გოგოს მეგი ბაქრაძეს ,რომელმაც უკვდავების ძეგლი დაიდგა, აიცრა და რაღაც გარემოებამ ეს ასული… როგორ წამოენთო ის ფრთა, არ მინდა კიდევ პოლიტიკურად შეურაცხყოფა მოგაყენოთ, კლავსო ვაქცინაო და საქართველოს ხელისუფლება კლავს თავის მოსახლეს, იყო ასეთიც. იმ წუთას, ზუსტად ერთი საათის მერე ზუსტად იმ ასაკის ასული იყო მინისტრი, გამოვიდა და სახალხოდ ვაქცინაცია გაიკეთა”
კახაძეს ანა ნაცვლიშვილმა მიმართა:
“ბატონი ლადო, მინდა, ძალიან გთხოვოთ, თქვენც და ყველა კოლეგას, რომელიმე მამაკაც მინისტრს ასე არ მოიხსენიებდით, პატარა ბიჭიო, ამიტომ მინისტრებს “პატარა გოგო”, “გოგოცუნა” ასეთი რამე არ შეშვენით, შეგიძლიათ სახელითა და გვარით მოიხსენიოთ.
არ არის პარლამენტის ტრიბუნა მსგავსი განცხადებების გასაკეთებელი ადგილი. პატარა გოგოები ჩვენ არ ვართ და არც თქვენ ხართ პატარა ბიჭები. ეს სწორი არ არის. მას აქვს სახელი, გვარი, შესაბამისი სტატუსი და ამით მოხსენიება საკმარისია. მართალია, ეკატერინე ტიკარაძე ჩემგან განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზეა, მაგრამ ამ ნაწილში ყოველთვის, ყველა ქალ მინისტრს დავიცავ”, – თქვა ნაცვლიშვილმა.
მან ასევე კახაძეს უთხრა, რომ დასვა კონკრეტული შეკითხვები და თუ პასუხები არ აქვს, პირდაპირ თქვას:
“თქვით, რომ პასუხები არ გაქვთ, მონიტორინგი განხორციელდა ნული და რომ წინა ჯერზე, როცა კანონი გამოიტანეთ და თქვით, რომ მონიტორინგი განხორციელდებოდა, ან მაშინ ტყუოდით ან ახლა ტყუით ან ორივე ერთად”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილის რეპლიკის საპასუხოდ, ლადო კახაძემ განაცხადა:
“თქვენ პატარა ხართ ასაკით და მითხარით, ტყუიხართო. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენო ჩემი ასაკის ადამიანს? ეს თქვენს გაზრდილობაზე და ოჯახიშვილობაზე მეტყველებს. არ მინდა, ოჯახს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ყველა შვილი ოჯახის მშვენი არ არის.
“ჯარისკაცის მამა” გითხარით, არ გექნებათ ნანახი. ეს ფილმი უნდა აეკრძალათ ჯარისკაცის მამის ქმედების გამო, რომელიც ჯარისკაცს ხელს ურტყამს და აგდებს მიწაზე და რომ მიმართავს ჯარისკაცებს, შვილოთი მიმართავს. თქვენ აქ ჩემი შვილების თაობა ხართ და ჩემს ასაკში ადამიანს შეშვენის ზოგიერთი შვილებად მოგიხსენიოთ. ამით თქვენ ჩემსა და ტიკარაძეს შორის შუღლს ვერ გააჩენთ, მე ის ყოველთვის პატივისცემით მყავს მოხსენიებული და მხარდაჭერილი”, – თქვა კახაძემ.