პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ნანობს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, მისი სიტყვები არასწორი და წინდაუხედავი იყო.
„ხურჩაში რაც მოხდა ეს არის საშინელი მკვლელობა. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მეც ვარ, მეტი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს თავის სიტყვებს. რაც მე ვარ სახელმწიფო მინისტრი პირველად მაქვს განცდა სინანულის, რომ ჩემი სიტყვები არა თუ სწორად არ იყო გაგონილი, არამედ არასწორად იყო ნათქვამი. მინდა სინანული გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა. ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა და ვაპირებ ჩავიდე პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა მკვლელობის კომენტირებისას 21 მაისს განაცხადა, რომ „მოხდა გამონაკლისი მკვლელობა“.
„ეს არ არის სისტემური ხასიათის. რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის არ მეორდება. ეს არის ერთჯერადი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
