LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის საქართველო 2017“ ნია წივწივაძე: „ჭამა ძალიან მიყვარს…“

581

ბათუმში „მის საქართველო 2017“ გამოავლინეს და ის ძალიან ლამაზი გოგონა, ნია წივწივაძე გახდა. ნია კალათბურთელ ბექა წივწივაძის და გახლავთ, შესაბამისად, მანიკა ასათიანი მისი რძალია. ცნობილი რძლისგან და მისი მეგობრისგან, ასევე „მის საქართველო“ ნუკა ყარალაშვილისაგან, უამრავი რჩევა-დარიგება მიიღო. რჩევებს არ იშურებს მისთვის არც ია კიწმარიშვილი, „მის საქართველოს“ დამფუძნებელი. ია კმაყოფილია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს კონკურსის ჟიურის არჩევანი მოეწნა, თუმცა ნიას აფრთხილებს, რომ კრიტიკული გამონათქვამებიც ყურადღებით მოისმინოს. ნია წივწივაძე და ია კიწმარიშვილი რადიო „ფორტუნას“ სტუმრობდნენ.

ელოდებოდი გამარჯვებას?

ნია წივწივაძე, „მის საქართველო 2017“:

როცა კონკურსში მონაწილეობ, გაქვს სურვილი გამარჯვების, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული, რა თქმა უნდა, არ ვიყავი. როცა გამომაცხადეს,ა რ ვიცი, როგორ გამოვხატე ჩემი რეაქცია, მაგრამ ძალიან დავიბენი (იღიმის). ძალიან გამიხარდა.

სამოდელო გამოცდილება, როგორც ვიცი, გაქვს?

მოყვარულის დონეზე, საზღვარგარეთ გახლდით და ესეც დამეხმარა გამოცდილების დაგროვებაში… სამი თვით გახლდით წასული, საქართველოშიც გამოვდიოდი ჩვენებებზე, გადაღებებზე, ვიცნობ ბევრ დიზაინერს. ალბათ, კამერასთან ურთიერთობის გამოცდილებაც დამეხმარა კონკურსის განმავლობაში.

როგორი იყო კონკურენცია?

ყველგან აღვნიშნავ, რომ ნამდვილად არ იყო კონკურენცია ისეთი, როგორზეც გვსმენია. მაგალითად, საზღვარგარეთ ერთმანეთს რაღაცებს რომ უკეთებენ… პირიქით, ჩვენ ერთმანეთს ყოველხმრივ ვეხმარებოდით, მაკიაჟის გაკეთება იქნებოდა თუ ვარცხნილობის. გამარჯვება ყველამ გულწრფელად მომილოცა…

რა არის შენი ინტერესის სფერო?

ამჟამად პაირმენეჯერი ვარ ბავშვთა გამომცემლობაში. პარალელურად ვწერ სტატიებს ჩემს ბლოგზე, მოგზაურობებზე, პირად გამოცდილებაზე. ამ ბლოგს 16 წლიდან ვაწარმოებ. ასევე ძალიან მიყვარს სპორტი, აქტიურად ვადევნებ თვალყურს. ძალიან მიყვარს ცურვა. ბავშვობაში ჩოგბურთელობა მინდოდა, მაგრამ ჩემს ოჯახში იმდენად აქტიურია სპორტული მიმართულება, რომ შენი სპორტი აღარ გაგვაგონოო, მითხრეს…

თავს როგორ უვლი?

ძირითადად, ვცურავ. ასევე ტრენაჟორებზეც დავდივარ. ვცდილობ, ჯანსაღავდ ვიკვებო, მიუხედავად იმისა, რომ ჭამა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, ცომეული და ქართული სამზარეულო. ვცდილობ, ბევრი წყალი დავლიო, თუმცა ალბათ, გენეტიკაც მიწყობს ხელს. ხშირად არ მივირთმევ ფასტ ფუდს. დილას დედაჩემი მახვედრებს ერთ ჭიქა თაფლიან წყალს, ვიღებ ბოსტნეულს.

 

რა არის შემდეგი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც „მის საქართველოს“ ტიტული მოიპოვე?

მინდა, იმაზე უკეთესი ვიყო, ვიდრე გუშინ და გუშინწინ ვიყავი. მინდა, ყოველდღე განვვითარდე და როცა დადგება საზღვარგარეთ გამგზავრების პერიოდი, მაქსიმალურად კარგად ვიყო მომზადებული. დღეს უამრავი პატარა გოგონა მწერს, რა კარგი გოგო ხარო. მინდა, მათთვის ასეთად დავრჩე. არ მინდა, ვინმეს ვათქმევინო, იმედი გაგვიცრუვდა და ისეთი კარგი არ აღმოჩნდაო.

მანიკა ასათიანისგან მიიღე რჩევები?

რა თქმა უნდა. მანიკა ყველა მხრივ ძალიან გამოცდილია. მაძლევს რჩევებს, როგორ გამოვიდე სცენაზე და წარმოვაჩინო საკუთარი თავი. ასევე ძალიან მეხმარება ნუკა ყარალაშვილი. დღესაც, როცა მოვდიოდით, მარიგებდა, როგორ გამეცინა და მელაპარაკა. დიდი მადლობა ორივეს.

ვიცი, რომ შეყვარებული ხარ…

კი, მყავს შეყვარებული. ფეხბურთელი, ნიკა ჭანტურია. ორი წელია, ერთად ვართ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია. როცა ვუთხარი, რომ კონკურსში ვაპირებდი მონაწილეობას, გამამხნევა. სულ მეუბნებოდა, რომ შემეძელო, ჩემი თავი ყველგან კარგად წარმომეჩინა. მადლიერი ვარ მისი. ახლაც, აქ რომ მოვდიოდი, მწერდა, ნია, სარკეში ჩაიხედე, ყველაზე კარგი ხარო (იღიმის).

არ უეჭვიანია?

არა!.. როდესაც გავიმარჯვე, პირველი, რაც მითხრა: მე შენ მეამაყებიო. ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო.

გათხოვებას ხომ არ აპირებ?

ჯერ არა. ერთი წელი გათხოვების უფლება არ მაქვს.

 

ია, შევაჯამოთ წლევანდელი „მის საქართველო“…

ია კიწმარშვილი:

მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელი პერიოდი გაგვეწელა და გადაგვედო ფინალური ღონისძიება და ეს გასაგები მოიზეზების გამო მოხდა, გოგონები ძალიან მობილიზებულები იყვნენ, მადლობა მათ და ყველა მხარდამჭერს, განსაკუთრებით ჰოლდინგ „ფორტუნას“.

ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა კონკურსანტით, მონდომებული, ლამაზი და საინტერესო გოგონები არიან ხუთეულში. დიდი მოლოდინი მაქვს საერთაშორისო კონკურსებზე. ნია წივწივაძე – „მის მსოფლიოსთვის“ ემზადება, მეორე ადგილის მფლობელი, ლარა იანი „მის სამყაროზე“ წარადგენს საქართველოს, მესამეადგილოსანი მარიამ დონაძე – „მის ინტერკონტინენტალზე“, ნინო სულხანიშვილი და გვანცა მინაშვილი „მის ტურიზმის“ სხვადასხვა კონკურსზე გაემგზავრებიან. დავასახელეთ უამრავი ნომინაცია, ვეცადეთ, გოგონების დამსახურება რაღაცით აღგვენიშნა. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი სამოდელო კარიერასაც გააგრძელებს. ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებ მომავალ კარიერაში, ჩვენ რაც ვასწავლეთ, ვფიქრობ, ძალიან გამოადგებათ.

ამ წლების განმავლობაში რა გამოცდილებაც მიიღეთ საერთაშორისო კონკურსებზე მონაწილეობით, თუ აპირებთ მოსამზადებელ პერიოდში რაიმეს შეცვლას? ლამაზი გოგონები გვყავს, რომლებიც ათეულს მიღმა რჩებიან ხოლმე…

მადლობა ამ შეკითხვისთვის. მე და ნია გზაში ვსაუბრობდით ამ თემაზე. დღეს არის პირველი დღე, რაც კონკურსის შემდეგ დავსხედით პირისპირ და პირველი რჩევები მივეცი. ჩემი პირველი იდეა სოციალურ ქსელებს უკავშირდება. ჯერ ზედაპირულად ვიცნობ ნიას და რაც ამ დღეების განმავლობაში დავინახე, ვფიქრობ, მას დიდი პოტენციალი აქვს, რომლის გამოვლენას ამ ერთი წლის განმავლობაში მოვახერხებთ. ბევრი რამ იცვლება მსოფლიოში პიარის, პოპულარობის თვალსაზრისით. სოციალური ქსელები ჩვენს ცხოვრებაში ძალიან პოპულარულია და ვფიქრობ, რომ აქ აუცილებლად უნდა გავაქტიურდეთ. ვთხოვე ნიას, დააკვირდეს საერთაშორისო გამოცდილებას და გაგვიზიაროს იდეები, ჩვენ კი, „იმიჯ ცენტრი“ მთელ ჩვენს გამოცდილებას მოვახმართ მისი იდეების განხორციელებას. ვფიქრობ, ამით წინა მისებთან შედარებით განსხვავებულ ნაბიჯს გადადგამს. რამდენადაც შეძლებს გოგონა, იყოს პოპულარული საკუთარ ქვეყანაში, უფრო წარმატებული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე. მან თავი არ უნდა დაზოგოს, რომ უკეთესად მოემზადოს. საერთაშორისო კონკურსები წლის ბოლოსთვის იმართება ხოლმე და შემოდგომისთვის უკვე გვექნება უფრო ჩამოყალიბებული გეგმა.

როცა ნიას ფოტოები გავაზიარეთ, ძირითადად, ძალიან დადებითი კომენტარები მოჰყვა, რა ლამაზი გოგონა აურჩევიათო…

მინდა, ნიას საყურადღებოდ ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი ნიშანია. საზოგადოების დამოკიდებულებას უნდა გაუფრთხილდეს, უნდა იყოს ორიენტირებული, გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი, თუნდაც ის კრიტიკული იყოს. კრიტიკა ყველაზე კარგი მამოძრავებელია. არასდროს უნდა დაყაროს ნეგატიურ შენიშვნებზე ფარ-ხმალი. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო პოზიტიური და თუნდაც ნეგატიური პოსტებისთვის, რადგან გვიყურებენ, გვაფასებენ და ვაინტერესებთ (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g