ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის შეხვედრის პარალელურად თეთრ სახლში მიშელ ობამა მელანია ტრამპს ჩაით გაუმასპინძლდა.
მედიას თეთრ სახლში ტრამპების ვიზიტის გაშუქების საშუალება არ მიეცა. არჩეული პრეზიდენტი ცოლთან ერთად პრეზიდენტის რეზიდენციაში ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა, შესაბამისად, ჟურნალისტებმა ისინი ვერც შესვლისას და ვერც გასვლისას ვერ დააფიქსირეს.
ყვითელ კაბინეტში მიშელისა და მელანიას შეხვედრის ფოტოები მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მიშელ ობამამ მელანია ტრამპს რეზიდენცია დაათვალიერებინა.
46 წლის ყოფილი მოდელი, სლოვენიელი მელანია ტრამპი თეთრ სახლში შავი ქურთუკით, შავი ქვედაბოლოთი და ლაბუტინის შავი ფეხსაცმლით მივიდა.
„მათ ისაუბრეს ბავშვების აღზრდის შესახებაც. პირველი ლედის ორივე შვილმა ბავშვობის უმეტესი წელი თეთრ სახლში გაატარა, ახლა კი ბავშვობის უმნიშვნელოვანეს წლებს საპრეზიდენტო რეზიდენციაში მელანიას შვილი გაატარებს,“ – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.