ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებაზე ყველა მშობელს სხვადასხვა მოსაზრება აქვს. ზოგი ბებიების რჩევებს მიჰყვება, ზოგი – ექიმის რეკომენდაციებს, ზოგს კი „გუგლში“ მოძიებული ინფორმაციის სჯერა. რადიო „ფორტუნამ“ ცნობილი ამერიკელი პედიატრის, ბავშვთა სახელმწიფო ჰოსპიტალის მთავარი ექიმის რჩევები მოიძია და ასევე სპეციალურად თქვენთვის, ცნობილ ქართველ პედიატრ ნუგზარ უბერს სთხოვა რეკომენდაციები.
მაიკლ პატრიკი – ამერიკელი პედიატრი:
- ბავშვებს გაუკეთეთ ვაქცინაცია – ის სხეულის ერთგვარი მწვრთნელია ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად. აცრა – ეს არის საუკეთესო გზა თქვენი ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად. წლიდან წლამდე წითელათი და ჩუტყვავილას ვირუსით არაერთი ადამიანი იღუპება. აცრის გარეშე, ეს დაავადებები შესაძლოა, ისე გართულდეს, რომ ფატალური შედეგებით დასრულდეს. თუ ბავშვი აცრილი არ არის, მისი გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც კი, არ არის გამორიცხული, წითელას ვირუსი ტვინში დარჩეს, რაც მომავალში შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი გახდეს.
- ნუ დაუშლით თამაშს ქვიშაში ან მოუწესრიგებელ გარემოში – როცა ბავშვები ქუჩაში, უსუფთაო გარემოში თამაშობენ, ნუ შეგეშინდებათ. ასეთ დროს მიკრობები იმუნურ სისტემას ეხმარება, უკეთესად უპასუხოს უცხო ვირუსებს. ბავშვებს სჭირდებათ ანტიგენების გარკვეული რაოდენობა. არსებობს კვლევები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ასეთ დროს ნაკლებია ბავშვების ალერგიულობის შანსი.
- საკმარისი ძილი, ჯანსაღი კვება, ვარჯიში – ზოგადად, თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ის უფრო ძლიერია გარემოს მიმართ. ასეთ დროს ინფექციების წინააღმდეგ ორგანიზმი გაცილებით მარტივად იბრძვის.
- „დაიკიდეთ“ C ვიტამინი – საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, თითქოს C ვიტამინი ავადმყოფობას ებრძვის. რეალურად კი არანაირი კვლევა არ არსებობს, რომელიც ამას დაამტკიცებს. ეს რწმენა მომდინარეობს მოძველებული სწავლებებიდან, როდესაც მკვლევარები ცდების დროს დიდი ოდენობით ვიტამინებს იყენებდნენ და გარკვეულ შედეგსაც აღწევდნენ. ცალკე აღებული C ვიტამინის აბები არ იმუშავებს, რადგან სხვა ბევრი ვიტამინის მსგავსად, ისიც წყალთან ერთად გაიწოვება და ორგანიზმიდან გარეთ გამოდის.
- არ გამოიყენოთ ბევრი ანტიბაქტერიული საპონი – სწორად ხელის დაბანა ბაქტერიების გავრცელებას ხელს უშლის. უშუალოდ დაბანის პროცესი დაახლოებით 20 წამიანია, ანუ დაახლოებით იმდენივე დრო გჭირდებათ, რამდენიც Happy Birthday-ს სიმღერისთვის. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ანტიბაქტერიული საპონი უფრო კარგად ასუფთავებს და კლავს ბაქტერიებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სხვა პრობლემებსაც იწვევს – ხელს უწყობს სხვა, ე. წ. „კარგი“ ბაქტერიების მოშორებასაც.
რადიო „ფორტუნა“ ცნობილ ქართველ პედიატრს დაუკავშირდა, რომელიც იმუნიტეტზე საუბრისას მთავარ აქცენტს სწორედ ვაქცინაციაზე აკეთებს. ის ამბობს, რომ აცრების მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ბევრი საფუძველი აქვს, მათ შორისაა ინფორმაციის ნაკლებობა. ნუგზარ უბერი განმარტავს, რომ ზოგადად, ვაქცინაციის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, მის წარმოშობას, შენახვის პირობებს და აცრის დროს. ამ პირობების დაუცველობის შემთვევაში, შესაძლოა, ვაქცინაციას გართულება მოჰყვეს.
ნუგზარ უბერი:
„საქართველოში უკვე დაინერგა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინაციაც, როგორიცაა ფილტვების ანთება და ბავშვებში გავრცელებული ნაწლავური ინფექცია. ეს დაავადება მსოფლიოში სიკვდილიანობის თვალსაზრით მეორე ადგილზეა. აცრებს ნიჰილისტურად ზოგჯერ ისეთი ადამიანებიც კი უყურებენ, რომლებიც ამ მიმართულებით ქველმოქმედებით არიან დაკავებულები. მაგ. ბილ გეითსი და მისი ოჯახი აცრილი არაა.
პედიატრი მშობლებს ურჩევს, აქცენტი ჯანსაღ ცხოვრებასა და რაციონალურ კვებაზე გააკეთონ და არა ვიტამინებზე.
„არავითარ შემთხვევაში ვიტამინი. ეს არის დაბალი დონის სამედიცინო სამედიცინო წარმომადგენელთა რეკომენდაციები. ვიტამინი არავითარ შემთხვევაში იმუნიტეტს არ აძლიერებს. თუ ვიტამინის დეფიციტია, კი ბატონო, ჩვენთან გავრცელებულია მაგ. D ვიტამინის ნაკლებობა. უშვებენ წამლებს, რომლებსაც აწერია მაგ. იმუნომოდულატორი, ეს არასწორია“, – აცხადებს ნუგზარ უბერი.
ცნობილი პედიატრი ამბობს, რომ ბებიებისა და ბაბუების ტრადიციული ცოდნა და შეფასებები თანამედროვე გამოწვევებს არ ჰყოფნის.
ნუგზარ უბერის სლოგანია: „ევროპაში დედობას და მამობას საგანგებო მომზადება სჭირდება“.