“აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია, პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომელიც დაუსჯელობას მწვანე შუქს აუნთებს, ამის უფლება პარლამენტს არ აქვს,” – ეს განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა, რითაც ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის წარმოუდგენელია 20 ივნისთან დაკავშირებული ამნისტია ყველაზე გავრცელდეს.
როგორც “ლელოს” წარმომადგენელმა თქვა, პარლამენტი, ისევე როგორც ხელისუფლების ყველა შტო, კონსტიტუციური, ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერის ტყვეა, რომელშიც წერია, რომ ადამიანის უფლებები არის უზენაესი, წარუვალი და უშუალოდ მოქმედი სამართალი, რომელსაც ყველა უნდა ექვემდებარებოდეს – ხელისუფლებაც და ხალხიც.
“ეს ჩანაწერი ვინმემ ამოშალა კონსტიტუციიდან ამ შეთანხმებაზე ხელმოწერით?! სრულიად წარმოუდგენელი რამ მოვისმინე დღეს დეპუტატებისგან.
საჯაროდ მინდა მივმართო მათ, როცა ამბობენ, რომ ყველაზე უნდა გავრცელდეს 20 ივნისთან მიმართებაში. ყველაზე რას ნიშნავს?! ძალიან დიდი სირცხვილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. მაგალითად იმ ადამიანმა, ვინც მაკო გომურს თვალი ამოთხარა, დღემდე მასზე ბრალიც არ არის წარდგენილი, მხოლოდ 3 პოლიციელზეა ბრალი წარდგენილი.
ანუ, საქართველოს მოქმედმა დეპუტატებმა იციან, რომ ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს პროკურატურა კონკრეტულ ადამიანებს ხელს აფარებდა, მათ განზრახ არ წარუდგინა ბრალი, ეს იციან დეპუტატებმა და ამ დაუსჯელობას ეგუებიან?!” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან სწორედ ამის დეკლარირება მოისმინა – “ვინც არ უნდა იყოს, ყველაზე უნდა გავრცელდესო.”
“ვინ უნდა იყოს ბატონებო, თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენს მიერ რეფორმირებული პროკურატურა უკვე იმდენად კარგად მუშაობდა ამ საქმეში, რომ ყველა დამნაშავე გამოკვეთა?! ამას ადასტურებთ, რომ დამნაშავეებს ხელი აქვთ დაფარებული?! ახლა გინდათ ამ კანონმა თავზე ხელი გადაუსვას და კიდევ დააფაროთ მათ ხელი სამუდამოდ? ამაზე შევთანხმდით?“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.