LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მივდივართ მტრის დასამარცხებლად” – ოკუპირებული ცხინვალიდან სამხედროები უკრაინაში გაგზავნეს

1780
BeFunky-collage

ოკუპირებულ ცხინვალში განთავსებული რუსული ბაზიდან სამხედროები, მათ შორის ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნეს, – ინფორმაციას მედია საშუალებები დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათი მტკიცებით,  „ესენი არიან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში განლაგებული რუსეთის ფედერაციის მეოთხე ბაზის სამხედროები, მათ შორის საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები.”

ბიბილოვმა „ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების კოლონა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის დროშებით“.

„მათ კარგად იციან, რომ რუსეთის დასაცავად მიდიან, ოსეთის დასაცავად მიდიან“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მანამდე ბიბილოვმა აღნიშნა, რომ “სხვა გამოსავალი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს”.

“მეუბნებიან, რომ ჩვენს ბიჭებს სასიკვდილოდ აგზავნიან. არა! – გამარჯვებისთვის!

მეომარი ბრძოლაში მიდის გამარჯვებისთვის.

ახლა მივდივართ დონბასში, მარიუპოლში, მელიტოპოლში, მხოლოდ მტრის დასამარცხებლად!” – დაწერა ბიბილოვმა Telegram-ის არხზე.

მანვე დასძინა – „ახლა წყდება მსოფლიოს ბედი, დგინდება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის“.

 

magti 5g